ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: თუ რამეს ვერ დააბრალებ წინა ხელისუფლებას, შავრაზმული თემებით ოპონენტებზე თავდასხმაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მანქანებით გადაადგილების შეზღუდვას აბსურდულ გადაწყვეტილებას უწოდეს, რომელიც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა მიიღეს, რათა რელიგიური ფანატიკოსებისთვის ანგარიში გაეწიათ" და "ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილი პოლიტიკურად გადაეკიდებინათ".

ტვ პირველის ეთერში ბოკერიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ოპოზიციამ დღეს, 22 აპრილს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას არ წარმოუდგენია ეკონომიკური კრიზისის მოგვარების არანაირი გეგმა, "კანონმორჩილი, მორწმუნე, მათ შორის მართლმადიდებლური და სხვა კონფესიის ადამიანების მძევლად დატოვება უგუნური, უპასუხისმგებლო ხელისუფების და რელიგიური ფანატიკოსების გამო ფუნდამენტურად არასწორია".

ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის რეპლიკაზე, რომ ენმ-ის ხელისუფლებასაც ჰქონდა ჩავარდნები საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობისას, ბოკერიამ თქვა:

"საპატრიარქოსთან ურთიერთობისას ყველას გვქონდა ჩავარდნები. ოღონდ, თუკი რამეს ვერ დააბრალებ წინა ხელისუფლებას, შავრაზმული თემებით ოპონენტებზე თავდასხმაა. პირიქით, ჩვენ ვიყავით თავდასხმის ქვეშ. და ახლა ქალბატონი კილაძე და ოცნების პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ ისევ ასე [საპატრიარქოსთვის ანგარიშის გაწევით] დაიწერონ ქულები. პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგებს ესმით საფრთხე, რომ [ერთი კოვზით ზიარება] კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგრამ თან ამ ქულების დაგროვება უნდათ.

ამიტომ ძალიან მკაფიოდ გთხოვდით ამ განსხვავების დანახვას - ვინ იყენებდა ამ თემას ოპონენტების წინააღმდეგ, თორემ ჩვენმა გუნდმა ბევრ ვითარებაში პრინციპულობა არ გამოიჩინა, იმიტომ რომ თავდასხმის ობიექტები ვიყავით, ოღონდ ეს ჩვენ არ გვამართლებს.

ამ პირობებში, როცა ჯანდაცვის მინისტრი სახეზე ღიმილით გვეუბნება, რომ სამეცნიერო კვლევა სჭირდება, ზრდის თუ არა ერი კოვზით ზარება კორონავირუსის გავრცელების რისკს, ეს არის პოლიტიკური კატასტროფა. და ამ პირობებში თქმა, რომ კანონმორჩილი ადამიანები კიდევ უფრო შევზღუდოთ, რომლებიც სამსახურების გარეშე არიან დარჩენილები, რომლებსაც მაღაზიამდე კილომეტრები აშორებთ, და არც აგიხსნით, რას ვაპირებთ, ამას მხარს არ დავუჭერთ. ჩვენ დავუჭერდით გონივრულ შეზღუდვებს, რომელიც მიზანმიმართული იქნებოდა პრობლემის გადაჭრისკენ და შანსს დაუტოვებდა მოქალაქეებს, მოიქცნენ კანონმორჩილად და არ იყვნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ფანატიკოსების მძევლები", - თქვა ბოკერიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. დღეს, 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი. დაწესებულია კომენდანტის საათი და 21:00 საათის შემდეგ გასვლა აკრძალულია. ასევე, 27 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება. ჩაკეტილია დიდი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, მარნეული, ბოლნისი და ქობულეთის რამდენიმე სოფელი. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება. ამ მდგომარეობამ პრობლემა არაერთ ადამიანს შეუქმნა, ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე არც ერთი ეს შეზღუდვა არ გავრცელებულა. წირვა-ლოცვები მრევლის თანდასწრებით ჩატარდა, ასევე, ჩატარდა ერთი კოვზით ზიარების რიტუალიც.

კომენტარები