კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე პლაქვენილზე: პროტოკოლში ცვლილება არ შესულა, იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პრეპარატ პლაქვენილთან დაკავშირებით პროტოკოლში ცვლილება შეტანილი არ არის და მას ექიმები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ. 

"ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და საჭიროებისამებრ. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილებასაც და ასევე კარგად ვიცნობთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ მედიკამენტს გააჩნია", - თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქლოროქინი, იგივე პლაქვენილი, COVID-19-ის სამკურნალო წამლების სიიდან წაშალა. საფრანგეთში ინფიცირებულ 43 პაციენტს, რომლებსაც ქლოროქინით მკურნალობდნენ, გულის სხვადასხვა სიმძიმის პრობლემები შეექმნა. პაციენტების ინტოქსიკაციის შემთხვევები გამოვლინდა ნიგერიაშიც. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტირმა, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ კორონავირუსის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს, ამიტომ პლაქვენილი "ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ." მისივე თქმით, პლაქვენილი "შეესაბამება ჩერჩილის ნათქვამს - საშინელია, მაგრამ უკეთესი არ არსებობს."

კომენტარები