კორონავირუსი შვედეთში

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი: ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვა უცნაურია

მაშინ, როდესაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა დაიხურა და მოქალაქეებს გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა, შვედეთმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია აირჩია.

ქვეყანა არც დახურულა და არც სოციალური დისტანცირების მკაცრი რეკომენდაციები გაუცია. ნაცვლად ამისა, შვეთედმა ხანში შესულ ადამიანებს მოუწოდა, აერიდებინათ ხალხთან კონტაქტი და სახლიდან ემუშავათ, ხშირად დაებანათ ხელები და არ ემოგზაურათ. საზღვრები და 16 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლები ღიაა - მსგავსად მრავალი ბიზნესისა, რესტორნებისა და ბარების ჩათვლით.

შვედეთის არჩეულმა მიდგომამ ხალხში კრიტიკა დაიმსახურა. გასულ კვირას, 22-მა წამყვანმა მეცნიერმა გაზეთ Dagens Nyheter-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩავარდა და პოლიტიკოსებს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. ისინი მიუთითებდნენ, რომ შვედეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ნორდიკულ ქვეყნებში.

შვედეთის მიერ არჩეული სტრატეგიის არქიტექტორი ქვეყნის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელია - წაიკითხეთ მისი ინტერვიუ ჟურნალ Nature-თან.

შეგიძლიათ ახსნათ შვედეთი მიდგომა ახალი კორონავირუსის კონტროლის საკითხში?

ვფიქრობ, ამ მიდგომასთან დაკავშირებით შეხედულებები გაზვიადებულია. სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, ჩვენ ვცდილობთ გავაბრტყელოთ მრუდი და შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად - წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა და საზოგადოება კოლაფსის რისკის ქვეშ დგას.

ეს არ არის ვირუსი, რომლის შეჩერებაც ან ამოძირკვაც შესაძლებელია, სულ მცირე მანამდე, სანამ ვაქცინა არ გვექნება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი გამოსავალი, რომელიც ინფექციის გავრცელებას კარგ ნიშნულზე შეინარჩუნებს. რასაც ყველა ქვეყანა ცდილობს, არის ის, რომ ხალხი განაცალკევოს ერთმანეთისგან, იმ ღონისძიებების გამოყენებით, რაც გვაქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცოტათი განსხვავებული გზა აგვერჩია.

შვედეთის კანონები გადამცემ დაავადებებზე დამყარებულია მოხალისეობრივ ღონისძიებებზე - ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე. კანონი ცხადად ამბობს, რომ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა, არ გაავრცელოს ვირუსი. ეს არის საფუძველი, საიდანაც [სტრატეგია] დავიწყეთ, რადგან მიმდინარე კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობებს, რომ დავკეტოთ ქალაქები შვედეთში. კარანტინი შესაძლოა განხორციელდეს ხალხზე ან მცირე ტერიტორიებზე, როგორიც არის სკოლა ან სასტუმრო. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია გეოგრაფიული ტერიტორიების კარანტინში მოქცევა.

რა მტკიცებულებას დაეყრდნო ეს მიდგომა?

ამ ტიპის დაავადებაზე საუბრის დროს ძნელია თქვა, რა მეცნიერულ საფუძველს ეყრდნობა სტრატეგია, რადგან ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ახალი კორონავირუსის შესახებ და ყოველ ახალ დღეს საქმის კეთების დროს ვსწავლობთ. ჩაკეტვა, ქვეყნების დახურვა, საზღვრების დაკეტვა - არც ერთს არ აქვს ისტორიული საფუძველი, ჩემი გადმოსახედიდან. ჩვენ ვაკვირდებოდით ევროკავშირის მონაცემებს, თუ ჰქონდათ გამოქვეყნებული რაიმე ანალიზი ღონისძიებების შედეგად მიღებული ეფექტის და ვერაფერი ვნახეთ.

საზღვრების ჩაკეტვა, ჩემი აზრით, უცნაურია, იმიტომ რომ Covid-19 უკვე ყველა ევროპულ ქვეყანაშია. ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს როგორია შვედეთის შიგნით მოძრაობების დინამიკა.

ჩვენ მუდმივად ვახსენებთ ადამიანებს, რომ გამოიყენონ ღონისძიებები და ვაუმჯობესებთ მათ ყოველ დღე, ყველგან, სადაც ვხედავთ რომ ეს საჭიროა. ჩვენ არ გვჭირდება ყველაფრის დახურვა, რადგან ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

როგორ იღებს გადაწყვეტილებებს შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო?

ყოველ დილით, სააგენტოს 15-მდე თანამშრომელი იკრიბება და მონაცემების ანალიზის შედეგად ,გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს ანახლებს. რეგიონალურ მთავრობებს კვირაში ორჯერ ვესაუბრებით.

ყველაზე დიდი დებატი მოხუცთა თავშესაფრების ირგვლივ მიმდინარეობს, სადაც სამწუხაროდ კორონავირუსის აფეთქებები დავაფიქსირეთ. ეს არის მიზეზი შვედეთში უფრო მეტი გარდაცვლილი ადამიანისა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. გამოძიებებები მიმდინარეობს, რადგან უნდა გავიგოთ, რომელი რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული და რატომ.

თქვენს მიდგომას მოდუნებულობის გამო აკრიტიკებენ. როგორ პასუხობთ კრიტიკას? არ გგონიათ, რომ ის რისკავს ადამიანების სიცოცხლეს იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა?

არ მჯერა, რომ ეს რისკი არსებობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა რეგიონების მიხედვით დეტალური მოდელირება, რაც ათას ინფიცირებულზე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ნაკლებად პესიმისტურია, ვიდრე სხვა მკვლევრების მაჩვენებელი. შემთხვევების ზრდა იყო, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არის ტრავმული. ცხადია, ჩვენ შევდივართ ეპიდემიის იმ ფაზაში, სადაც შემდეგი კვირების განმავლობაში უფრო მეტი შემთხვევები იქნება - მოხუცთა თავშესაფარებში გაიზრდება ინფიცირება - თუმცა ეს მოხდება ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია. არსად ევროპაში გავრცელება მნიშვნელოვნად არ შეუმცირებიათ.

რაც შეეხება სკოლებს, მე დარწმუნებილი ვარ, რომ ისინი ღია უნდა დარჩეს ეროვნულ დონეზე. ჩვენ ეპიდემიის შუა ეტაპზე ვართ და ჩემი გადმოსახედიდან, მეცნიერება აჩვენებს, რომ ახლა სკოლების დაკეტვას აზრი არ აქვს. სკოლები უნდა დაიკეტოს ადრეულ ეტაპზე, რათა მიიღო ეფექტი. სტოკჰოლმში, სადაც შემთხვევების უმეტესობა არის დაფიქსირებული, ჩვენ მრუდის მაქსიმუმთან ახლოს ვართ, ამიტომ სკოლების დაკეტვა ამ ეტაპზე უაზროა. უფრო მეტიც, ეს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს, რომ ახალგაზრდა თაობა აქტიური დარჩეს.

მკვლევარებმა გააკრიტიკეს სააგენტო ასიმპტომური პაციენტების როლის სრულად არ აღიარებისთვის. ფიქრობთ, რომ ასიმპტომური პაციენტები პრობლემაა?

შესაძლებელია, რომ ასიმპტომური პაციენტები გადამდებები იყვნენ და ზოგიერთი უკანასკნელი კვლევა ამას მოწმობს. თუმცა, მათ მიერ ვირუსის გავრცელების რაოდენობა, ალბათ, საკმაოდ მცირეა იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც სიმპტომები უვლინდებათ.

ფიქრობთ, რომ თქვენი მიდგომა წარმატებულია?

ამის ცოდნა ძალიან ძნელია, ამისთვის ძალიან ადრეა. ყველა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს ჯოგურ იმუნიტეტს და ჩვენ ამის მიღწევას განსხვავებული გზით ვაპირებთ. საკმარისი ნიშნები გამოვლინდა იმისთვის, რომ ვიფიქროთ ჯოგური იმუნიტეტის შესახებ, ვირუსის დაბრუნების შესახებ. ჯერჯერობით, მსოფლიოში თავიდან დაინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა არის დაფიქსირებული. რამდენ ხანს გაძლებს ჯოგური იმუნიტეტი, არ ვიცით, თუმცა ნამდვილად არსებობს იმუნიტეტის პასუხი ვირუსზე.

რა უნდა გაკეთებულიყო სხვანაირად?

ჩვენ სათანადოდ არ შევაფასეთ მდგომარეობა მოხუცთა თავშესაფარებში და ასევე ის ზომები, რაც უნდა გატარებულიყო. ეს ადგილები უფრო საფუძვლიანად უნდა გაგვეკონტროლებინა. ამის საპირისპიროდ, ჯანდაცვის სისტემა უჩვეულო ზეწოლის მიუხედავად ყოველთვის წინ უსწრებდა მრუდს.

კმაყოფილი ხართ სტრატეგიით?

დიახ! ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 ძალიან საშიშია მოხუცი ადამიანებისთვის, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, თუ გადავავლებთ თვალს პანდემიებს, უფრო ცუდი სცენარებიც არსებობს, ვიდრე ეს არის. ახლანდელი პრობლემების უმეტესობა არ არის გამოწვეული დაავადებისგან, არამედ გამოწვეულია იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც სათანადოდ კარგად არ გატარდა: გარდაცვალებები მოხუც ადამიანებში უდიდესი პრობლემაა და ჩვენ ამას ძალიან ძლიერად ვებრძვით.

მეტიც, მონაცემები გვაჩვენებს, რომ მიმდინარე წელს გრიპის ეპიდემია და ზამთრის ნოროვირუსი იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური დისტანცირება და ხელების დაბანა მუშაობს. და Google-ის დახმარებით, ჩვენ ვნახეთ, რომ შვედები დრამატულად ცოტას მოძრაობენ. ჩვენს მოხალისეობრივ სტრატეგიას ნამდვილი ეფექტი აქვს.

კომენტარები