კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 4 პაციენტის ტესტმა უარყოფითი აჩვენა, ისინი კლინიკას მალე დატოვებენ

რადიო თავისუფლება

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, ცნობით, მათ კლინიკაში მყოფ 4 პაციენტის ტესტმა ახალ კორონავირუსზე უარყოფითი აჩვენა და ისინი რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. 

ამ დროისთვის თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი მკურნალობს. ახალი ინფიცირებულები ამ ეტაპზე მათთან არ გადაუყვანიათ. 

რატიანის თქმით, რეანიმაციულ კლინიკაში 8 პაციენტია, საიდანაც სამი სპონტანურ სუნთქვაზეა. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში განყოფილებაში გადავლენ. 

"5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ გენოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არ სჭირდება არცერთ მათგანს დამატებითი ჩარევა. ეს იმას ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. რაც შეეხება სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია უარყოფითი დინამიკის გარეშე", - ამბობს ლევან რატიანი. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 376 აქტიური შემთხვევის გარდა საქართველოს კლინიკებში დამატებით 3 ადამიანი მკურნალობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, უცხოეთში დაინფიცირდნენ და ამის შემდეგ გადმოიყვანეს საქართველოში. 

ბოლო 24 საათში აღრიცხული 27 ახალი შემთხვევიდან 13-ის წყარო ბოლნისია, ორის - მარნეული, ერთის - თეთრიწყარო, ოთხ ადამიანს კი კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე თვეზე მეტია, რაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ჩაკეტილია თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრიც. 

კომენტარები