8 მარტის შეთანხმება

კალაძე: თუ საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ მოხდება, ცუდია, თუმცა, საგანგაშო არაფერი არ არის

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, თუმცა, "საგანგაშო არაფერი არ არის."

"თუ მოხდა და ჩავარდა, ვერ მოხდა ცვლილება საარჩევნო სისტემის, ჩემს აზრს გეუბნებით, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა საგანგაშო არაფერი არ არის - მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით", - ამბობს კალაძე. 

კალაძე უარყოფს, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც მათი გათავისუფლების შესაძლებლობა აქვს, პრეზიდენტია.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვება და არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 120/30-ზე პრინციპით. 

თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმების იმ ნაწილს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, საჯაროდ არ აღიარებს, მეტიც - უარყოფს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაც მოჰყვა.

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით კი, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები