ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მღვდელმა 27 ტრანსგენდერ ქალს საკვები გაუგზავნა. ინფორმაციას აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს.
"ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!! ყველი, მაწონი, სიგარეტი, კარტოფილი ა.შ. კი. ეკლესიის! ვიწყებ დარიგებას", - წერს ფერაძე Facebook-ზე.
კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ტრანსგენდერმა ქალებმა დახმარება მრავალჯერ ითხოვეს. ისინი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. ერთ-ერთმა მათგანმა 30 აპრილს თბილისის მერიასთან თავის დაწვაც სცადა.
თანასწორობის მოძრაობის განცხადების მიხედვით, პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა - ტრანსგენდერ ქალებს საქმიანობის შესაძლებლობა შეეზღუდათ, ასევე, "ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება."
2 მაისს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ტრანსგენდერ ქალებსა და ყველა ადამიანს, ვინც უსახლკაროდ დარჩა, ეკლესიაში ღამის გათევა შესთავაზა.