კონგრესმენების კრიტიკა

ზალკალიანი კონგრესმენებზე: სამთან პირადად მქონდა შეხვედრა, მსგავსი რამ არც კი გამიგია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"სამთან პირადად მქონდა შეხვედრა, მსგავსი რამ არც კი გამიგია" - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუშინ, 10 ივნისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.  

გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".  

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ გამოიკვლევენ, "თუ როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს ერთი აბზაცი" გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარებულია რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი,  არც საკანონმდებლო ძალა და დანიშნულება ამ დოკუმენტს არა აქვს.

ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომლებსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი რესპუბლიკელები. მათ შორის, 13 თუ 14 კონგრესმენის ხელმოწერაა. მე მინდა გითხრათ, სამთან მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია. ერთ-ერთმა მათგანმა შეხვედრის შემდეგ კომენტარიც კი გააკეთა ქართული მედიისთვის და აღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლესი დონე.

[..] როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართული ოცნების პარტიის ლიდერს ქვეყანა დესტაბილიზაციისა და რუსეთისკენ მიჰყავს. ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს", - ამბობს ზალკალიანი. 

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, "რაც ითქმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იყოს გამოყენებული ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა." ზალკალიანი ასევე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში "არანაირი სანქციები არ იქნება."

ამერიკელი კონგრესმენების ანგარიში სრულად - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები