ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსული ინფექციით 285 ადამიანი დაიღუპა. ჯამში COVID 19-ით დაინფცირდა 17 064 პირი, აქედან 6 276 გამოჯანმრთელდა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას ვირუსთან საბრძოლველად უკვე ფრანგი ექიმები ეხმაურებიან. არსენ ტოროსიანის ცნობით, ექიმები უკვე შეუდგნენ სამუშაოს, ისინი სომხეთში კვირას, სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ და ქვეყანაში 10 დღე დარჩებიან.

ცნობისთვის, 11 ივნისს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

კომენტარები