ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

armenpress.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში სომხეთში COVID-19-ისგან 9 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 302-მდე გაიზარდა.

გაიზარდა იფიცირების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 18 033 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 243 პირი, სულ კი ვირუსისგან 6 814 პაციენტი განიკურნა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 15 ივნისიდან ქვეყანას ვირუსთან საბრძოლველად უკვე ფრანგი ექიმები ეხმარებიან. არსენ ტოროსიანი ამბობს, რომ ექიმები უკვე შეუდგნენ სამუშაოს, ისინი სომხეთში კვირას, სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ და ქვეყანაში 10 დღე დარჩებიან.

ცნობისთვის, 11 ივნისს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

კომენტარები