გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

მთავარი არხი: გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

Facebook/ გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. არხის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა უწყება რამდენიმე წუთის წინ მიიღო და გამოკითხვაზე ხვალ დილის 10:00 საათზე უნდა მივიდეს. 

მთავარი არხის ინფორმაციით გიორგი გაბუნიას ჯერ არ გადაუწყვეტია, მივა თუ არა გამოკითხვაზე. მან, შესაძლოა, მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის უფლებით ისარგებლოს. 

2019 წლის ივლისში  რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

კომენტარები