ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში COVID 19-ით ინფიცირებული 444 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 131-ის კი კრიტიკული

armradio.am

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 444 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 131 პირის კი კრიტიკული.

გასულ დღე-ღამეში სომხეთში COVID-19-ისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 309-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედია ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გაიზარდა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 18 698 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 746 პირი, სულ კი ვირუსისგან 7 560 პაციენტი განიკურნა.

ამ დროისათვის სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 10 728 პაციენტი მკურნალობს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 15 ივნისიდან ქვეყანას ვირუსთან საბრძოლველად უკვე ფრანგი ექიმები ეხმარებიან. არსენ ტოროსიანი ამბობს, რომ ექიმები უკვე შეუდგნენ მუშაობას, ისინი სომხეთში კვირას, სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ და ქვეყანაში ათ დღეს დარჩებიან.

ცნობისთვის: 11 ივნისს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

კომენტარები