სიეტლი

სიეტლის მერი შეიარაღებული მომიტინგეების მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნებას გეგმავს

EPA

სიეტლის მერმა, ჯენი დურკანმა თქვა, რომ გეგმავენ, დაიბრუნონ ის უბნები, რომლებიც შეიარაღებულმა მომიტინგეებმა დაიკავეს. გასულ კვირას ამ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. ქალაქის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ მათ არ მიეცათ თავდასხმაზე რეაგირებისა და დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენის საშუალება.

ჯენი დურკანი ამბობს, რომ ზონაში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, რაც მოსახლეობასა და ბიზნესებს პრობლემას უქმნის. ქალაქის მთავრობა ზონის დასაბრუნებლად მომიტინგეებთან თანამშრომლობას გეგმავს.

ტერიტორია მომიტინგეებმა მას შემდეგ დაიკავეს, რაც აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მომიტინგეებმა სიეტლში პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, სადაც "კაპიტოლ ჰილის ავტონომიური ზონა", იგივე CHAZ "დააარსეს". სიეტლის პოლიციის უფროსის, კარმენს ბესტის თქმით, ამ ტერიტორიაზე ძალადობრივი აქტები ხდება, მათ შორის, გაუპატიურება, ქურდობა და პოლიცია ამას ვერ პასუხობს.

10 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის გუბერნატორს, ჯეი ინსლესა და სიეტლის მერს, ჯენი დურკანს მოუწოდა, რომ ქალაქი დაიბრუნონ.

კომენტარები