არჩევნები 2020

ჯაშის პარტია: ნებისმიერი პარტიის ამომრჩევლის ხმას დავიცავთ, დეკლარაციას ხელს არ მოვაწერთ

პარლამენტი

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის განცხადებით, არჩევნებზე ნებისმიერი მოქალაქის ხმას დაიცავენ. პარტია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ამომრჩევლის მიერ, "თუნდაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ" გაკეთებული არჩევანი და მიცემული ხმა უნდა იყოს დაცული. ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის შეფასებით, სწორედ ეს არის არჩევნებზე ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველი.

"ამიტომ მიგვაჩნია, რომ უკლებლივ ყველა პარტიისთვის ეს უნდა წარმოადგენდეს მორალითა და დემოკრატიის უნივერსალური პრინციპებით ნაკარნახევ ვალდებულებას და არა შეთანხმების შედეგად ერთმანეთის მიმართ აღებულ პასუხისმგებლობას. ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენი მხრიდან მემორანდუმის ხელმოწერის აუცილებლობას.

პირობას ვდებთ, უპირველეს ყოვლისა ქართული საზოგადოებისა და ამომრჩეველის წინაშე, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ამომრჩევლის ხმებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის არჩევანს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, მიუხედავდ იმისა, თუ რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მათ დაუჭირეს მხარი". - აცხადებს ქართული ოცნებიდან გასული რამდენიმე დეპუტატის დაფუძნებული პარტია.

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ, შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 30 პარტია დაიცავს, როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ამომრჩევლის ხმებს. 

კომენტარები