კორონავირუსი

კორონავირუსმა მიაღწია ანდამანის კუნძულების ტომამდე, რომელსაც მხოლოდ 53 წევრი ჰყავს

ახალმა კორონავირუსმა ინდოეთის ოკეანეში, ანდამანის კუნძულებამდე მიაღწია. ვირუსი დიდი ანდამანის ტომის 10 წარმომადგენელს დაუდასტურდა. მათგან ოთხი კუნძულზე ცხოვრობს. ორი მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ორი კი კარანტინში. სულ ამ ტომში 53 ადამიანია დარჩენილი. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ტესტირება ყველა მათგანს ჩაუტარეს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტულია უზრუნველყონ, რომ ვირუსი არქიპელაგის სხვა კუნძულებზე მცხოვრებ აბორიგენულ ტომებში არ გავრცელდეს.

ანდამანის კუნძულები ინდოეთის შემადგენლობაში შედის და 37 კუნძულისგან შედგება. მათზე რამდენიმე განსხვავებული ტომი ცხოვრობს, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ. ანთროპოლოგების სამოთხედ წოდებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების ნაწილს გარე სამყაროსთან შეხება დღემდე არ აქვს, ნაწილი კი სპეციალურ რეზერვაციებში ცხოვრობს. კორონავირუსის გამო რეზერვაციებში მცხოვრები ტომები კუნძულის ყველაზე მოშორებულ კუთხეებში გადაიყვანეს, რათა შემცირდეს ჩასულ პირებთან კონტაქტის რისკი.

იმ ტომების წევრებს, რომლებიც გარე სამყაროსთან ინტეგრირებულები არ არიან იმუნიტეტი არ აქვთ გამომუშავებული არაერთ დაავადებაზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული.

დიდი ანდამანის ტომში 1850-იან წლებში, ბრიტანელი კოლონიზატორების ჩასვლამდე 5 000-მდე წევრი იყო. მათ მიერ ჩატანილი დაავადებების შედეგად ტომის წევრების რაოდენობა შემცირდა. 2010 წელს გარდაიცვალა ტომის ერთ-ერთ ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი.

ივნისის შემდეგ ანდამანის და ნიკობარის კუნძულებზე კორონავირუსი ჯამში 2 985 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 41. კორონავირუსზე ტესტირება სხვა ტომებშიც ჩატარდება. ამისათვის ჩასული ჯგუფების წევრებს ტესტირება წინასწარ უტარდებათ და დაბრუნების შემდეგ ერთკვირიან კარანტინს გადიან. კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისთვის არქიპელაგის 10 კუნძულზე დაფიქსირდა. სულ კუნძულებზე 2 საავადმყოფო, 3 სამედიცინო ცენტრი და მზრუნველობის 10 ცენტრია, სადაც კორონავირუსიანი პაციენტების მიღება შეუძლიათ.

კომენტარები