პატრიოტთა ალიანსი

ლომია: არის, როცა გაბრალებენ და არის, როცა გამხელენ. ამ შემთხვევაში არის დაბრალება

გიორგი ლომია
რეგინფო

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით გავრცელებულ დოსიეს გამოძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიებაში პატრიოტთა ალიანსი საერთოდ არ არის ნახსენები და ეს ყველაფერი მხოლოდ დაბრალებაა. ლომიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები აფხაზეთში რელიგიური მიზნით, ხატის გადასაბრძანებლად იყვნენ გადასულები.

"არის, როცა გაბრალებენ და არის, როცა გამხელენ. ამ შემთხვევაში არის დაბრალება. არ შეიძლება ფარატინა ქაღალდის, რომელიც პრინტერზე არის ამობეჭდილი, სადაც არანაირი დასახელება პატრიოტთა ალიანსზე არ მეტყველებს და არ მიუთითებს, საფუძველზე ან პროკურატურაში შეიტანო სარჩელი ან აუდიტის სამსახურს მოსთხოვო, რომ გამოიძიოს ეს საკითხი. ეს არის აბსურდი და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანებულია არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთავრობაც.

ეს იყო რელიგიური თემა. ჩვენ გადავედით და შევედით ილორის ტაძარში, გადავაბრძანეთ ხატი, დავბრუნდით უკან, ამით დამთავრდა ყველაფერი. ახლა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა ვითომდა კრემლიდან მოდის, ეს არის აბსურდი". – ამბობს გიორგი ლომია.

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია დოსიეს გამოძიებას გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, პრობლემა არა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, არამედ სახელმწიფოს რეაგირებაა საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევაზე.   

ელენე ხოშტარიამ იმ დამთხვევებზე ისაუბრა, რომელიც დოსიეს გამოძიების მეორე ნაწილსა და "ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას" შორის არის. ხოშტარიას თქმით, აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა იმ ფრაზებით ისაუბრა, რომელიც რუსეთიდან მიღებულ ინსტრუქციაში იყო - რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ასევე, ინსტრუქციაში ნახსენები იყო ნეიტრალიტეტისთვის ხაზგასმის აუცილებლობა - ხოშტარიას თქმით, ინაშვილმა 26 აგვისტოს ამ საკითხზეც ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის ამოცანა საქართველოში დესტაბილიზაციაა, მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ამ ამოცანის შესრულებაში ხელი უნდა შეუშალოს, სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება.

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განცხადება განიხილეს და "შემდგომი რეაგირებისთვის" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს.

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გუშინ, 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები "პატრიოტებს" თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.  

გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები