ახალი კორონავირუსი საქართველოში

შავიშვილი: აჭარის შემთხვევებიდან 20-ზე მეტი დაკავშირებულია ქორწილთან, 22-ის წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ცნობით, აჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 20-ზე მეტი დაკავშირებულია ქორწილში ყოფნის ფაქტთან, ხოლო 22 შემთხვევის წყარო უცნობია. მისივე თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ თანამშრომელს.

"20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ ღონისძიებებთან, ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. დაახლოებით 22 შემთხვევა უცნობია, პირველწყარო არ ჩანს ჯერჯერობით, ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციაში". – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს დადასტურებული 158 შემთხვევიდან 87 აჭარიდანაა, 28 სამეგრელოდან, 19 იმერეთიდან, 6 გურიიდან, 18 თბილისიდან. 

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები