იპოდრომის ტერიტორია

კალაძე: ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიას გვჩუქნის, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ "სრულიად უსასყიდლოდ" გადასცეს. დღესვე, თბილისის საკრებულოში თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართუს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს ჩუქების ხელშეკრულებას.

"ტერიტორიაზე, ასევე ქართუს დახმარებით, გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება. პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია, მომდევნო დღეებში კი მოგაწვდით ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება მშენებლობა.

დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც იცის იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია, და პირადად ჩემთვის, ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ ქართუს და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც ეს სივრცე გამოისყიდა, დღეს კი, სრულიად უსასყიდლოდ ქართველ ხალხს, თბილისს და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მსურს, მადლობა გადავხადო ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის". – განაცხადა კახა კალაძემ.

ფონდი ქართუს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, "თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები, თბილისს უჭირს ამ მხრივ, გაიზარდა თბილისის მოსახლეობა, ეს პარკი მისცემს შესაძლებლობას ყველა მოქალაქეს და ჩამოსულ სტუმარს, რომ დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით".

იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალს ეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა. 

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ეკუთვნის ლაგუნა ვერეც. 2014 წლის 2 მარტს ივანიშვილის კომპანიამ უსახსრობის მოტივით საცურაო აუზი დაკეტა, მას შემდეგ ლაგუნა ვერე ამორტიზებული და დაჭაობებულია. მის მფლობელს კი ტერიტორიის რეაბილიტაციის შესახებ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნების დროს, კახა კალაძემ გამოაქვეყნა საარჩევნო კლიპი, რომელშიც ჩანდა, რომ ამომშრალ და დაჭაობებულ ლაგუნა ვერეს საცურაო აუზში წყალი ასხია. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, თუმცა, საარჩევნო დაპირება არ შესრულებულა.

კომენტარები