პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა სხვადასხვა ქალაქებში დროებით გზები გადაკეტეს. დედაქალაქ ვარშავაში გზების ბლოკირება პიკის საათამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში მოძრაობა რამდენიმე საათით პრაქტიკულად გაჩერებული იყო. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ქვეითები, ველოსიპედისტები და მძღოლები.
მთლიანობაში დემონსტრანტებმა გზები 50-მდე ქალაქში გადაკეტეს.
საპროტესტო აქციები პოლონეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, ამგვარი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
პირველი საპროტესტო აქცია 22 ოქტომბრის საღამოს გაიმართა, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციების გამო კვირას რამდენიმე ეკლესიაში წირვა ჩაიშალა.
მმართველი პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ გადაწყვეტილებაზე მან მოახდინა გავლენა.
BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის.
ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.
პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.