არჩევნები 2020

გოგორიშვილი: ცესკომ გასცა განკარგულება, რომ ხმები არსად გადაითვალონ

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა განკარგულება, ხმები არცერთ საარჩევნო უბანზე არ გადაითვალონ. გოგორიშვილის შეფასებით, ის, რაც ახლა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან ხდება, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას დამსახურებაა. 

"დღეს საღამოს საოლქო კომისიები იხილავენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესულ საჩივრებს. საჩივრები შესულია ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით, თბილისში მარტო 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზეა მოთხოვნა. 

მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის საარჩევნო ოლქის 97-ე უბანზე დემოკრატობანა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკომ გასცა განკარგულება, რომ არსად, არცერთი უბნის გახსნა არ მოხდეს და არაფერი ხელახლა არ გადაითვალოს. ამას აკეთებენ ისეთი უსუსური მიზეზით, როგორიცაა ის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული კონკრეტული მისამართი, პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ არის ბლანკზე და ა.შ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ყუთებში სხვა შედეგია და ოქმებში სხვა". – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი. 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში და წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

საბურთალოს საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას ერთიანი საქართველოს სამი წევრი დააკავეს.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები