იეჰოვას მოწმეები რუსეთში

რუსეთში იეჰოვას რამდენიმე მოწმეს პატიმრობა მიუსაჯეს

RFE/RL

რუსეთში "ექსტრემისტული ჯგუფის" წევრობისთვის კიდევ რამდენიმე იეჰოვას მოწმეს პატიმრობა მიუსაჯეს

30 ნოემბერს ომსკში სერგეი პოლიაკოვს ბრალი დასდეს "ექსტრემისტულ ჯგუფში აქტივობების ორგანიზებისთვის" და 3-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს.

ასევე, მის ცოლს, ანასტასია პოლიაკოვასა და კიდევ ორ სხვა იეჰოვას მოწმეს, "ექსტრემისტული ჯგუფების აქტივობებში მონაწილეობის მიღებისთვის", თითოეულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ადვოკატის, დმიტრი კოლობოვის, თქმით, მსჯავრდებულები სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ.

24 ნოემბერს რუსეთში სამართალდამცავებმა იეჰოვას არაერთი მოწმე დააკავეს. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მათ გამოძიება დაიწყეს, რადგან ეჭვობენ, რომ იეჰოვას მოწმეების ჯგუფი მოსკოვში აქტივობას აორგანიზებდა ეროვნულ ცენტრთან და შვილობილ ორგანიზაციებთან ერთად.

იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის სპიკერი, იაროსლავ სივულსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ცენტრმა აქტივობები გააგრძელა. მისივე თქმით, ჯგუფს დევნიან. 

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა.

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება.

გასული წლის მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით, რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს.

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები