საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით, 22.4 ლარით გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა.
მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 472.5 ლარით განისაზღვრა.
საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8%-ით).
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6%-ით).
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4%-ით).
- მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6%-ით).