რელიგიის თავისუფლება

ბოკერია კალაძეზე: თქვა, სხვების რწმენას ვცეთ პატივიო – სხვები არა, ჩვენი მოქალაქეები არიან

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. 

კალაძემ ტოლერანტობაზე საუბრისას ერი ცალკე, მუსლიმები კი "სხვებად" მოიხსენია.

"ბევრი ასეთი ფაქტი დაუსჯელია. მთავრობასთან დაახლოებული საზოგადოებრივი ჯგუფები ან პოლიტიკური ფიგურები ასეთ რაღაცას ქადაგებენ და შენ ამას არ ემიჯნები, ან, უკეთეს შემთხვევაში, ზოგად სადღეგრძელოებს ამბობ. კალაძემ თქვა, ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართო, ოღონდ ისე ისაუბრა, რომ სხვების რწმენას უნდა ვცემდეთ პატივსო. ეს სხვები არ არიან - ჩვენი მოქალაქეები არიან. 

[...] ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც თამაშის ფუნდამენტურ წესს იცავს - ვინც ძალადობას მიმართავს, ის დაისჯება". - ამბობს გიგა ბოკერია მთავარისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.     

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადების მიხედვით, მსგავს დაპირისპირებებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა გააჩინა და ხელი შეუწყო სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას. NGO-ების განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმთა ღვთისმსახურებისთვის ხელის შემშლელი ქმედება. რელიგიური საბჭოს შეფასებით კი "რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და დევნა შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს."

კომენტარები