რელიგიის თავისუფლება

ღავთაძე: კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, გაუქმდეს რელიგიის სააგენტო

ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ჯგუფების თანასწორუფლებიანობის კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. როდესაც გაუარესებაზე ვსაუბრობთ, ესაა წლების განმავლობაში დაგროვილი დისკრიმინაციული, არასეკულარული და უმცირესობების კონტროლზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. ეს პრობლემები არსებობდა. ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა.

TDI წლებია ხმამაღლა საუბრობს ამ საკითხებზე. საუბრის გარდა, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მაგალითად, უთანასწორობის აღმოფხვრას ვაღწევთ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით.

ამ მანკიერი, მახინჯი რელიგიური პოლიტიკის სახე არის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ის 2014 წელს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ჩუმად შეიქმნა. მისი მანდატი და, უფრო მეტად, საქმიანობა, ბუნდოვანია. სააგენტომ დაამტკიცა, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის რწმენის თავისუფლება, არ ჯდება მისი საქმიანობის მიზნებში. პირიქით, ის ებრძვის ამ ფუნდამენტურ უფლებას და ცდილობს, კონტროლი ჰქონდეს რელიგიურ ჯგუფებზე, ისინი საფრთხედ წარმოაჩინოს.

ჩვენ სააგენტოს შექმნის დღიდან ვითხოვთ მის გაუქმებას, რადგან იმთავითვე ცხადი იყო მისი მიზნები. ამავე მოთხოვნას რელიგიური ორგანიზაციები წლებია აყენებენ სახალხო დამცველთან არსებული უნიკალური პლატფორმის - რელიგიათა საბჭოს ფორმატში. პანდემიის ფონზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ამ უწყების მანკიერი მხარე. დეკემბერში აღვნიშნეთ, რომ უკვე საგანგაშოა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ მისი გაუქმების საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს გაუქმების მოთხოვნას სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ისევ იმეორებს.

წერს TDI-ს წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე Facebook-ზე. 

კომენტარები