საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციომ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ მიმართეს. საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი და ხვიჩა კიკილაშვილი. მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი დაწერა

განსახილველი საქმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც.

მოსარჩელე მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, ზღუდავდა კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ ფიზიკურ თავისუფლებას. ამავდორულად, მოსარჩელეების პოზიციით, გადაწყვეტილება კონტაქტირებული ადამიანის გაცალკევების შესახებ მიიღება არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ, არც არღვევს ამ კონსტიტუციური დებულების ფორმალურ მოთხოვნას, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის პროცესში სასამართლოს სავალდებულო ჩართულობის შესახებ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინფიცირებულთან კონტაქტირებული ადამიანის თვითიზოლაციასა, თუ საკარანტინე სივრცეში გადაყვანით იზღუდება კონკრეტული სივრცის დატოვება, შესაბამისად, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება. თუმცა, სასამართლოსვე განმარტებით, ადამიანის კონკრეტულ ადგილზე დაყოვნება მიის ნების წინააღმდეგ და მისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ავტომატურად არ ნიშნავს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით უნდა შეფასდეს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ამ შეზღუდვის მიზნები, მისი სამართლებრივი სტატუსი, ადამიანის მოქმედების თავისუფლებისა და მის ნებაზე ზემოქმედების მასშტაბი. 

საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონტაქტირებული ადამიანისტვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს Covid-19-ის გავრცელების რიკის შემცირება და ამ ადამიანის მიმართ არ ხდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართული კანონით დადგენილი ღონისძიებები. 

"შესაბამისად, კონტაქტირებულ პირს თვითიზოლაციაში/კარანტინში ყოფნისას არ გააჩნია რაიმე ისეთი სამართლებრივი სტატუსი, რაც აუცილებელს გახდიდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების ამოქმედებას. ამასთანავე, კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმიანობით და მისი ქცევა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ ექვემდებარება რაიმე ტიპის კონტროლს ან კორექციას, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან". – წერს საკონსტიტუციო სასამართლო. 

გადაწყვეტილება ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე

 

კომენტარები