საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრის ეკონომიკური წრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეალური მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა.
2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
მიმდინარე წლის იანვარში შემცირებას განაგრძობს ექსპორტ-იმპორტიც. გასულ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით, ექსპორტი 16.2%-ით, ხოლო იმპორტი - 16.6%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯები, ისე შემოსავლებიც.
მეთერთმეტე თვეა საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.
გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
- იანვარი - 5.1% ზრდა;
- თებერვალი - 2.2% ზრდა;
- მარტი - 2.7% კლება;
- აპრილი - 13.5% კლება;
- მაისი - 16.6% კლება;
- ივნისი - 7.7% კლება;
- ივლისი - 5.5% კლება;
- აგვისტო - 5.3% კლება
- სექტემბერი - 0.7% კლება;
- ოქტომბერი - 3.9% კლება;
- ნოემბერი - 7.7% კლება;
- დეკემბერი - 7.9% კლება;
ვრცლად, რას ნიშნავს საქართველოსთვის ეკონომიკის 6%-იანი შემცირება, შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.