უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

ჯანეზაშვილი: უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს

ნაზი ჯანეზაშვილი

 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს შევსების მიზნით მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ბევრი დარღვევის გამო ეს პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს.

"კონკურსის დასრულების შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს კარი დაიხურება კომპეტენტური და კეთილსინდისიერი
იურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია კანდიდატების შესარჩევი ასეთი
მასშტაბური კონკურსი მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის დამკვიდრებას
უწყობდეს ხელს". – ამბობს ჯანეზაშვილი

ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატების მოსმენის თაობაზე არაერთი დარღვევა გამოვლინდა, კერძოდ, კანდიდატების შერჩევის პროცესში გასაუბრების ორგანიზებასთან დაკავშირებით გამოვლინდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა და ორ შემთხვევაში დაირღვა კანონით დადგენილი ვადები.

"მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, არცერთ შემთხვევაში არ მიმიღია
ინფორმაცია კანდიდატების მოსმენისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის
ჩატარების შესახებ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ სხდომის გამართვამდე
არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე". – თქვა ჯანეზაშვილმა

ჯანეზაშვილი ასევე საუბრობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინტერესთა კონფლიქტზე.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ლევან თევზაძე,
რომელიც ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ასევე ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი ეკატერინე შენგელია. თუმცა ირაკლი შენგელიამ კონკურსიდან თვითაცილების მიზეზად მხოლოდ ლევან თევზაძე დაასახელა და ისე ჩამოშორდა პროცესს, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის ამ ფაქტის გამჟღავნებისგან თავს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი შენგელია ჩამოშორდა პროცესს, მასთან დაკავშირებული იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი სრულად ჩართულია კონკურსში. კერძოდ, ზაზა ხარებავა, რომელსაც მისივე ინფორმაციით, ირაკლი შენგელიასთან აკავშირებს ნათელმირონობა და თამარ ღვამიჩავა, რომელიც ამბობს, რომ ირაკლი შენგელიას და მას “საერთო წინაპარი” ჰყავთ". – ამბობს ჯანეზაშვილი

ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი თავად არის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ რიგით მე-2 კონკურსში, თუმცა ამავდროულად ის, როგორც
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ჩართულია პირველ და მესამე
კონკურსებში.

"გვრიტიშვილი დაესწრო მისი კონკურენტი კანდიდატების მოსმენას - მათთან დასვა კითხვები, მანვე უნდა შეაფასოს კონკურენტი კანდიდატები და დაუწეროს ქულები კრიტერიუმების მიხედვით, საბოლოოდ კი მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში კანდიდატის ნომინირებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს წევრი უნდა ჩამოშორებოდა კანდიდატების შერჩევის პროცესს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად". – თქვა ჯანეზაშვილმა

ჯანეზაშვილი მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოცემული დარღვევების გამო აღარ გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი

"მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აღარ გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, რათა პროცესში გამოვლენილი
დარღვევები და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის მოქმედი პროცედურა
ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს". – ამბობს ჯანეზაშვილი

 

კომენტარები