YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორის, სიუზან ვოჟსიცკის თქმით, პლატფორმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს მაშინ მოხსნის, როცა ძალადობის რისკი შემცირდება.
“მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ტრამპის ანგარიშის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს მაშინ მოვხსნით, როდესაც გადავწყვეტთ, რომ ძალადობის რისკი შემცირდა“. – თქვა YouTube-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი აზრით, ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალადობისაკენ მოწოდების საფრთხე კვლავაც რჩება და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში არ აღდგება.
კომპანია Google-ის ვიდეოპლატფორმა YouTube-მა ტრამპის ანგარიში 2021 წლის 12 იანვარს შეაჩერა.
მიზეზად კომპანიის წარმომადგენლებმა ანგარიშიდან წამოსული პოტენციური საფრთხე დაასახელეს, მათი თქმით, იყო მცდელობა ისეთი ვიდეოს ატვირთვისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა YouTube-ის სამომხმარებლო პოლიტიკას.
6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა ნაწილის შეჭრის შემდეგ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Facebook, Twitter, Google, Instagram) პრეზიდენტ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკეს.