ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: გელათის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 49 800 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ააიპ საქართველოს მემკვიდრეობასთან, რომლის თანახმადაც ამ კომპანიას უნდა შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვრო დოკუმენტი გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრების გადახურვის სამუშაოებისთვის.

"2017 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 1 350 000-ლარიანი ტენდერი, რომლის მიზანიც იყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის მოწყობა. აღნიშნულ პროექტს აფინანსებდა აზიის განვითრების ბანკი. გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს ხელოვნების საერთაშორის ცენტრმა, რომელიც თავის ქვეკონტრაქტორ კომპანია იკორთა 2007-თან ერთად შეუდგა სამუშაოების შესრულებას.

ე.წ მოჭიქული კრამიტით ტაძრის გადახურვის გეგმამ არ იმუშავა, რის გამოც ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა და გამოუსწორებლად დაზიანდა უძველესი ფრესკები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2020 წლის ნოემბერში 53,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა განახორციელა შპს ბაგინეთი +-თან, რომელსაც დაევალა უხარისხოდ გადახურული მონაკვეთების დროებითი გადახურვა, რათა არ დაზიანებულიყო ტაძრის შიდა ინტერიერი და უმნიშვნელოვანესი ფრესკები. ამ კომპანიამ შეასრულა სამუშაოები, რისთვისაც მან გამოიყენა, მათ შორის, ბრეზენტის მასალა, რომელმაც, თავის მხრივ, ცალკე პრობლემები შეუქმნა ფრესკებს, ჰაერგაუმტარობისა და ნესტის წარმოქმნის გამო.

ორგანიზაციის ცნობით, საქმის გამოსასწორებლად დაქირავებული შპს ბაგინეთი+-ის ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, რომელიც, თავის მხრივ, არის გელათის გადახურვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტის შემდგენი კომპანიის ააიპ საქართველოს მემკვიდრეობის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

"იმ პირობებში, როდესაც ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია გელათში წყლის ჩასვლა მისი გადახურვის შემდგომ და იყო ეს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიზეზით, თუ საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის გამო, საყურადღებოა რატომ გაუფორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხელახალი ხელშეკრულება ბაგინეთი+-ს, მაშინ, როდესაც მისი მფლობელი, შესაძლოა თავად იყო დამნაშავე თავის დროზე გადახურვის სამუშოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენაში". – წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

კომენტარები