ფლანგვის დეტექტორი

GMC: ქართული ოცნების დეპუტატის კომპანიებმა 2015-23 წლებში ₾43 მილიონის ტენდერები მოიგეს

ფლანგვის დეტექტორი / GMC.org.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის (GMC) ცნობით, რუსთავის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა ხელაიას კომპანიებმა 2015-23 წლებში დაახლოებით 43 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს.

"ბევრ კვლევაში და გამოძიებაში გამოვლენილა შემდეგი სქემა: ერთ კომპანიაზე მორგებული პირობებით მოგებული ტენდერების შემდეგ, ბიზნესმენები მმართველ პარტიას ფულს სწირავენ და მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ.

ამის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი არის მამუკა ხელაია - ბიზნესმენი რუსთავიდან, რომელიც 2021 წლის არჩევნებზე რუსთავის საკრებულოს დეპუტატიც გახდა ქართული ოცნების სიით. ის პარტიულ სიაში მე-7 ნომრად იყო რეგისტრირებული". - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში. 

GMC-ის ცნობით, 2017-21 წლებში, ტენდერებში გამარჯვების შემდეგ მამუკა ხელაიამ ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა, ხოლო მმართველი პარტიისთვის ბოლო 10 000-ლარიანი შემოწირულების შემდეგ, იგი ქართული ოცნების რუსთავის საკრებულოს მე-7 ნომრად დასახელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხელაია 14 კომპანიასთანაა დაკავშირებული, რომელთაგან შპს ვი-აი-პი + და შპს მ.კ.ბ-საქართველო სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მონაწილეობენ. როგორც ფლანგვის დეტექტორი აღნიშნავს, კომპანია შპს ვი-აი-პი +-მა, სადაც ხელაია 100%-იან წილს ფლობს, უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე, ტენდერების 39%-ში გაიმარჯვა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, უკონკურენტო გარემოში მოგებული ტენდერების საერთო ღირებულებამ 3 976 419 ლარი შეადგინა, ხოლო 2015-2023 წლებში, ამ კომპანიამ 42 969 206 ლარის ღირებულების 51 ტენდერში გაიმარჯვა.

რაც შეეხება შპს მ.კ.ბ-საქართველოს, მამუკა ხელაია ამ კომპანიაშიც 100%-იან წილს ფლობს. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2015 წელს ამ კომპანიამ სსიპ დელტაგან შვიდი 44 650 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელიც კომპანიას დელტას ბალანსზე არსებული სხვადასხვა ავტომობილებისა და სამხედრო ტექნიკის მოვლა-შენახვის მომსახურებისთვის გადაეცა.

"აღსანიშნავია, რომ მამუკა ხელაია პასუხისმგებლობით არ ეკიდება ქალაქ რუსთავის არჩევით ორგანოში დაკავებულ თანამდებობას და მხოლოდ 2023 წელს საკრებულოში ჩატარებული 14 სხდომიდან 6 სხდომა გააცდინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია აღნიშნულ საკრებულოში". - წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

კომენტარები