ჭყონდიდის ეპარქია

SJC (EMC) საპატრიარქოს: რეაგირება მოჰყვეს მეუფე სტეფანეს ქალთმოძულე განცხადებებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მონაზონი სოსანას მიმართ გაკეთებულ როგორც განცხადებებს, ასევე გადაწყვეტილებებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისინი მკვეთრად ქალთმოძულე შინაარსს შეიცავს, ეკლესიაში მონაზვნებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის და განსხვავებული მოსაზრების გამო სასულიერო პირების შევიწროების სავარაუდო პრაქტიკას ასახავს.

"უკვე რამდენიმე თვეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულ ვითარებაა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი ეპარქიის წევრები საეკლესიო სასამართლოს ორგანიზებას და, როგორც თავად აცხადებენ, პატრიარქთან დაკავშირებული მამხილებელი ინფორმაციისა და ვიდეომასალის განხილვას ითხოვენ. სინოდი ამ დრომდე უარს აცხადებს საეკლესიო სასამართლოს ფარგლებში ამ საკითხზე მსჯელობაზე, რაც ადგილობრივი ეპარქიის წევრების უნდობლობასა და უკმაყოფილებას იწვევს. ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანე (კალაიჯიშვილის) მივლინების შემდეგ. ახლად დადგენილი მიტროპოლიტი ხისტი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და ეპარქიის წევრების მიმართ მის მიერ გამოყენებული ენა და გადაწყვეტილებები მათი დევნის და შევიწროების ნიშნებს ატარებს.

განსაკუთრებული საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა მონაზონი სოსანა ბოლქვაძისა და მორჩილი ნინო გამყრელიძის მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხვის ფაქტს, რომელიც მკვეთრად აგრესიული, დამამცირებელი და ქალთმოძულე შინაარსით და ფორმებით მოხდა". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

2021 წლის 1-ელ აპრილს, შუაღამით, მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას და მორჩილ ნინოს მონასტერში შესვლის უფლება აღარ მისცა და ქალები ღია სივრცეში, თავშესაფრის გარეშე დატოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები, გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპარქიის წევრების დევნის და დასჯის ნიშნებს ატარებს, ის მონაზვნების მიმართ ეკლესიაში უსამართლო, დამამცირებელ და ქალთმოძულე დამოკიდებულებას ავლენს. ის სხვა მონაზვნებშიც დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს ქალების უხეში დაქვემდებარების და იერარქიების ნორმალიზებას.

"მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობა საზოგადოებაში ამგვარი განწყობების წახალისებას მოახდენს. მით უფრო, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გამოირჩევა ქალთა უფლებების და თანასწორობის დაცვის მიდგომებით და მხარდაჭერით. პირიქით, საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქებისგან, ჩვენს საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო ქალთა მიმართ ძალადობის, მათი ავტონომიის შეზღუდვის და დაქვემდებარების ნორმალიზებისკენ". – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, ამ დრომდე მომხდარზე სინოდს, მის წევრებსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს განცხადებები არ გაუკეთებიათ და მიტროპოლიტი სტეფანეს პრობლემური გადაწყვეტილების არც კრიტიკული შეფასება და არც შეჩერება არ მომხდარა. ეს დუმილი და, ზოგიერთ შემთხვევაში მხარდაჭერა (მაგალითად, იხილეთ, საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, პატრიარქის მდივნის, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადება), საპატრიარქოს მხრიდან ეპარქიის წევრების დასჯასა და შევიწროებაზე მიმართული პრაქტიკის შეწყნარებაზე უფრო მეტყველებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს სინოდსა და საპატრიარქოს:

  • საეკლესიო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებებს და ღიად ქალთმოძულე და დამამცირებელ განცხადებებს და სინოდმა იმსჯელოს ჭყონდიდის ეპარქიაში მის მოღვაწეობის შესაბამისობაზე საეკლესიო წესებთან;
  • საპატრიარქოს შიგნით შეიქმნას მონაზვნებისა და სხვა ქალი ღვთისმსახურების სოციალური და შიდა სამართლებრივი დაცვის პოლიტიკა და სამსახურები, რომელიც მათ შევიწროების და დაუცველობის შემთხვევებზე მიმართვისა და უფლებებისა და ინტერესების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს შეუქმნის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს)

  • დედა სოსანას და მორჩილი ნინოს მიმართ მიმდინარე მოვლენებს გაუწიოს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მათ სოციალური დაცვისა და სათანადო საცხოვრისის გარანტიები შეუქმნას.

კომენტარები