ჩინეთის სასამართლომ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Alibaba 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ჩინეთის ანტიმონოპოლიურ კანონს არღვევდა და ის კონკურენტების წინააღმდეგ ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას.
2.8-მილიარდიანი ჯარიმა ჩინეთის ისტორიაში რეკორდულია და ის კომპანიის შემოსავლების თითქმის 5%-ს შეადგენს.
ექსპერტთა ნაწილი ჩინეთის მკაცრ მიდგომას Alibaba-სა და მისი დამაარსებლის, ჯეკ მას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, კომუნისტური მთავრობა სჯის იმ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ ნებას და აკრიტიკებენ ჩინეთის მთავრობას.
Alibaba-ს წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო და კომუნისტური მთავრობა საჯაროდ გააკრიტიკა.
მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჯეკ მას Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა.
2021 წელს კი მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.
2021 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ Alibaba-ს ვებბრაუზერი UC Browser დაბლოკა.
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა თქვა, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ჩინეთი უფრო მკაცრად მიუდგება ისეთი კომპანიების საკითხს, რომელთაგანაც პოტენციური საფრთხე მომდინარეობს.