ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხი დეპუტატები რუსეთისგან 2014 წელს მომხდარი აფეთქებებისთვის კომპენსაციას ითხოვენ

"მკვლელი, ქურდი დიქტატორი" - ვლადიმირ პუტინის პოსტერი ჩეხეთში რუსეთის სალჩოს ჭიშკარზე. 2021 წ.
Petr David Josek/Associated Press

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება, რომელიც ჩეხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთს მოსთხოვოს ფინანსური კომპენსაცია 2014 წელს სოფელ ვრბეტიცაში, იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების გამო.

პარლამენტის ქვედა პალატის წარმომადგენლებმა წამოაყენეს წინადადება, აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება.

დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს, კიდევ უფრო მეტად შემცირდეს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ქვეყანაში. ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის უკვე გააძევა ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი. ჩეხური მხარის თანახმად, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან. გამოცემა Seznam-ის თანახმად, 21 აპრილს ჩეხეთმა შეიძლება კიდევ გააძევოს რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან.

ჩეხეთი რუსულ სპეცსამსახურებს 2014 წელს სოფელ ვრბეტიცაში სამხედრო საწყობებზე აფეთქებების მოწყობაში ადანაშაულებს. პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის თანახმად, აფეთქებებთან დაკავშირებულია რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. გამოცემები The Insider და Belingcat-ის წერენ, რომ აფეთქებების ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს სამხედრო ნაწილის, 29155-ის გენერალი ანდრეი ავერიანოვი.

პარალელურად, ჩეხეთის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში სდებს ბრალს. გამოცემები The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ პეტროვი და ბოშიროვიGRU-ს ოფიცრები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა არიან.

რუსეთი პრაღის ბრალდებებს 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებებთან კავშირზე აბსურდს უწოდებს. მოსკოვმა პრაღის საპასუხოდ ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები