ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია დაიწყო – მედია

TE LUN OU YANG / The Moscow Times 

რუსულ მედია წერს, რომ გერმანიის შემდეგ ჩეხეთი გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია დაიწყო

გარდა ამისა, როგორც გერმანიის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ზუსტი მონაცემები გერმანიასა და ზოგადად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩამორთმეული მანქანების რაოდენობაზე არ აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ ასეთი მინიმუმ ერთი შემთხვევა ჩეხეთში გამოვლინდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩო არ ადასტურებს.

ამასთან, სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩეხეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, განა პრუდიჩოვამ თქვა, რომ პრაღა მანქანების კონფისკაციასთან დაკავშირებით ზომების მიღებას არ აპირებს, რადგან ჩეხეთი EU-ს ნაწილია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში შემოსული მანქანები EU-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაზე უკვე შემოწმებულია. 

გერმანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეების მანქანების კონფისკაცია დაიწყო. პირველი მსგავსი შემთხვევები ჯერ კიდევ მაისში გამოვლინდა. 

მანამდე რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების ქვეყანაში შესვლა აკრძალა ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, რომლებთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ფინეთი, პოლონეთი. აკრძალვა ასევე დააწესა გერმანიამ და ნორვეგიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მონაწილეობს შენგენის შეთანხმებაში. ამასთან, მსგავსი აკრძალვის დაწესებას აპირებს ბულგარეთიც. 

შეზღუდვის მიზეზი გახდა ევროკომისიის განმარტება სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა 8 სექტემბერს. კერძოდ, ბრიუსელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთში რეგისტრირებული მანქანების შესვლა "არალეგალურ იმპორტთან" გაათანაბრა.  ევროკომისიამ აღნიშნა, რომ სანქციებთან დაკავშირებული განმარტებები არ არის იურიდიულად სავალდებულო და ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. 

კომენტარები