საწვავის ფასი

ბოკერია: აქციზი ივანიშვილმა დაგვიწესა, მისი გაუქმება საწვავის ფასს 40 თეთრით შეამცირებს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ საქართველოში საწვავის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა იმ გზებზე, რითაც ფასის შემცირებაა შესაძლებელი და მთავრობას მოუწოდა, გააუქმონ აქციზის გადასახადი, რადგან მისი განმარტებით, ეს ავტომატურად შეამცირებს საწვავის ფასს 40 თეთრით. 

ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობა ჯიუტად არ ამცირებს გადასახადებს და აქციზიდან მიღებულ თანხას საკუთარი ნეპოტიზმისა და ბიუროკრატიისთვის იყენებს. 

"ასეთ რთულ ეკონომიკურ პირობებში, მთავრობა ვალდებულია, გადადგას მარტივი ნაბიჯი, ეს არის გადასახადების დაწევა, საგადასახადო წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის და არის ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აისახება ყველა ჩვენი ოჯახის შემოსავალზე, აისახება ყველა პროდუქტის ფასზე, ეს არის - საწვავის ფასი. საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც მთავრობის კონტროლის მიღმაა, საწვავის ფასი გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როცა გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი, იმისთვის, რომ მეტი ფული ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისთვის და კორუფციისთვის. ეს გააკეთეს რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ ეს წნეხი ადევს ყველა ქართულ ოჯახს, მარტივი ნაბიჯით - აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია ავტომატურად, 40 თეთრით შემცირება საწვავზე ფასის, რაც შემდეგ ყველაფრის ფასზე აისახება, რომ გაუადვილდეთ ცხოვრება მოქალაქეებს ამ საერთო გასაჭირის დროს". – ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, ევროპული საქართველო საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით კამპანიას იწყებს.  მან ბრიფინგის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს სტიკერები დაურიგა, წარწერით - "გააუქმე აქციზი, გაიაფდეს საწვავი". როგორც ბოკერია ამბობს, მსგავსი სტიკერები იქნება ყველგან, შენობებსა თუ მანქანებზე, რომ ეს საკითხი ყოველდღე შეახსენონ მოქალაქეებს და მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას. 

"ეს არის მარტივი ნაბიჯი და ევროპული საქართველო ვაპირებთ, რომ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა შეიცვლება, რომელიც უნდა შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მანამდე შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ მარტივი გზავნილი, რომ მათი პრობლემები პირდაპირ არის გამოწვეული ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, გადასახადების გაზრდით და ჯიუტად არ შემცირებით, ასეთი გაჭირვების დროსაც, რაც კოვიდმა მოუტანა მთელს მსოფლიოს. 

ჩვენ გვინდა დავიწყოთ კამპანია, რომლითაც ამ საკითხს ყოველდღე შეახსენებენ ჩვენი მოქალაქეები მთავრობას, შენობებზე, მანქანებზე, რომ ვაიძულოთ ეს მთავრობა შეუმსუბუქონ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება". – ამბობს ბოკერია. 

საწვავის ფასები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 

რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე, ვრცლად წაიკითხეთ - აქ

კომენტარები