HMS Defender-ის ინციდენტი შავ ზღვაში

რუსეთი შავი ზღვის ინციდენტზე: როცა საერთაშორისო კანონი არ ჭრის, დაბომბვაც შეგვიძლია

ბრიტანული ხომალდი HMS Defender

რუსეთმა დიდი ბრიტანეთი, შავ ზღვაში ხომალდ HMS Defender-თან დაკავშირებული ინციდენტის უარყოფის გამო, ტყუილის თქმაში დაადანაშაულა. მოსკოვი ლონდონს აფრთხილებს, რომ მსგავსი პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში მკაცრ პასუხს გასცემენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სასაუბროდ გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი, დებორა ბრონერტი.

ბრიტანეთმა რუსეთი შეცდომების დათესვაში დაადანაშაულა. ბრიტანული მხარის თქმით, გამაფრთხილებელი გასროლები რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.

"ვფიქრობთ, რომ ეს იყო განზრახული და დაგეგმილი პროვოკაცია. მიუღებელი პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები შორს წავა, რუსეთის საზღვრების დაცვის სამართლებრივად დაცვის ვერც ერთ შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ". – თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

მომხდარზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმაც.

"შეგვიძლია, ჯანსაღ აზრს მივმართოთ, მოვითხოვოთ საერთაშორისო კანონების პატივისცემა და თუკი ეს არ ჭრის, დაბომბვაც შეგვიძლია. არა მხოლოდ მიმართულებით, არამედ დამიზნებითაც, თუკი ეს კოლეგებს არ ესმით". – თქვა რიაბკოვმა.

BBC-მ გამოაქვეყნა საკუთარი რეპორტაჟი, რომელშიც ნაჩვენები იყო კადრები HMS Defender-ის ბორტიდან. 

"თუკი კურსს არ შეიცვლით, ცეცხლს გავხსნი" – რადიომიმღებიდან ისმის რუსული აქცენტით ნათქვამი სიტყვები BBC-ს მოპოვებულ კადრებში. ასევე ისმის სროლის ხმაც. ბრიტანული მხარის თქმით, ეს სროლის ხმა არა გამაფრთხილებელი გასროლა, არამედ სავარჯიშო სროლების ხმაა. ამ წყლებში რუსეთი მართლაც ატარებდა საჰაერო და საზღვაო სასროლო ვარჯიშებს და ამის შესახებ სხვა მხარეებიც გაფრთხილებულები იყვნენ. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა ასევე უარყო ინფორმაცია გამაფრთხილებელი გასროლების შესახებ. 

"სამეფო ფლოტის გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში უდანაშაულოდ გადიოდა. ამას საერთაშორისო სამართალთან თანხვედრაში ვაკეთებდით და რუსული დახასიათება, რა თქმა უნდა, არასწორია". – თქვა რააბმა.

შემთხვევა მოხდა ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ბრიტანეთი მასზე უკრაინის სუვერენიტეტს აღიარებს.


შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში 3 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა მალევე დატოვა რუსული წყლები. 

"Defender-ი გაფრთხილებულ იქნა, რომ გამოყენებული იქნებოდა იარაღი, თუკი ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა. გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია". – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ. 

რუსულმა მხარემ HMS Defender-ი და ამ წყლებში მცურავი სხვა გემები აქამდე გააფრთხილა, რომ ამ დღეებში მცირე საავიაციო და საზღვაო წვრთნებს ჩაატარებდა. 

რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა. 

კომენტარები