სირიაში მყოფ აშშ-ს დანაყოფებზე გარკვეულმა დაჯგუფებებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. აშშ-ს არმიის სპიკერის თქმით, ამერიკის ძალებმა საპასუხო მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.
თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მიმდინარეობს ზიანის დათვლა. უცნობია, თუ ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი.
სირიის ქალაქ დეირ ალ-ზორიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, ირანის დაფინანსებულმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ საარტილერიო ცეცხლი გახსნა აშშ-ს მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მიერ კონტროლირებადი ალ-ომარის ნავთობის საბადოების მიმართულებით.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეს, 28 ივნისს აშშ-ს საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შემდეგ, ერაყულმა დაჯგუფება ქათა'იბ საიდ ალ-შუჰადამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 4 დაღუპული წევრის შესახებ და შურისძიების პირობა დადეს.