ბიზნესი

ხელმძღვანელობის 10 წლის თავზე, ტიმ ქუქმა ანაზღაურების სახით ეფლის 5 მლნ აქცია მიიღო

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ ქუქმა გასულ კვირას ანაზღაურება კომპანიის 5 მილიონზე მეტი აქციის სახით მიიღო

როგორც შეერთებული შტატების ფინანსური მარეგულირებელი იუწყება, მოგვიანებით ქუქმა აქციების უდიდესი ნაწილი $750 მილიონ დოლარად გაანაღდა. დირექტორსა და კომპანიას შორის ანაზღაურების ეს პაკეტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაფორმდა, როცა ქუქმა სტივ ჯობსი აღმასრულებლის პოზიციაზე ჩაანაცვლა. 2011 წელს დადებული შეთანხმების მიხედვით, ქუქის მიერ მიღებული აქციების რაოდენობა ეფლის საბაზრო პოზიციასა და ფინანსურ მაჩვენებლებზე იქნებოდა დამოკიდებული. 

ნიშანდობლივია, რომ კომპანია ბაზრის საუკეთესოთა სამეულშია, აქციონერების ინვესტიციაზე გაცემულმა უკუგებამ კი ბოლო 3 წლის განმავლობაში 191% შეადგინა. მომგებიანი საინვესტიციო პოტენციალით კომპანია 442-დან მე-13 ადგილს იკავებს. 

მეტიც, მას შემდეგ, რაც ტიმ ქუქი კომპანიის სათავეში მოვიდა, ეფლის აქციების ღირებულება 1 200%-ზე მეტად გაიზარდა. 

ამავე კვირაში ქუქმა $10 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები ქველმოქმედებას შესწირა. მისივე თქმით, ტექნოლოგიების გიგანტის დირექტორი, სიკვდილის შემდეგ, მთელი დაგროვილი ქონების ქველმოქმედებისთვის შეწირვას გეგმავს.

კომენტარები