ფარული მოსმენა

ღარიბაშვილი მასალებზე: სააკაშვილის პროვოკაციაა, იკვეთებიან სხვა მოღალატეებიც

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მოპოვებულ ინფორმაციას ასახავს. 

მისი მტკიცებით, ჩანაწერების გავრცელების უკან მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის სხვა წევრები დგანან. ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნების მეორე დღეს პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, "სახელმწიფო კი ამას კანონის სახელით გასცემს პასუხს".

"ეს არის პირდაპირი შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის მიერ, სამწუხაროდ, იკვეთებიან სხვა მოღალატეებიც. 

ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდემლთავრების წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის, შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც არის ყოვლად დაუშვებელი და სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს". - ამბობს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა კრიტიკული მედიების ჟურნალისტებს "გავრცელებული მასალების ტირაჟირებასა და ეკლესიის დისკრედიტაციაში" დასდო ბრალი.  

"ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ახდენთ დისკრედიტაციას მღვდელმთავრების და ეკლესიის, და მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის მიერ. მათ იციან, რომ ისინი სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქში. არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართვას საარჩევნო კამპანიაში. იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნული არის არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღეს და მეორე დღეს". - ამბობს ღარიბაშვილი. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რადგან ისინი აზიანებენ სამსახურის პატივსა და ღირსებას.

კომენტარები