აშშ

აშშ-ს გენერალი შიშით, რომ ტრამპი არჩევნების შემდეგ ჩინეთს ომს დაუწყებდა, ჩინეთს დაუკავშირდა

ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გენერალი მარკ ა. მილი

ამერიკელმა ჟურნალისტებმა, ბობ ვუდვარდმა და რობერტ კოსტამ გამოსცეს წიგნის, სათაურით "საფრთხე", რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს არმიის გენერალი, მარკ ა. მილი, იმის შიშით, რომ ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან ომს დაიწყებდა, ის ჩინელ კოლეგას ორჯერ, ჯერ არჩევნებამდე, შემდეგ კი 6 იანვრის მომდევნო დღეებში დაუკავშირდა. ეს ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო თვეები იყო.

ვუდვარდისა და კოსტას წიგნის მიხედვით, შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ ა. მილიმ ჩინეთის ხალხთა განმანთავისუფლებელი არმიის გენერალი, ლი წუოჩენგი დაარწმუნა, რომ აშშ მათზე იერიშს არ მიიტანდა.

პირველი ზარი შედგა 2020 წლის 30 ოქტომბერს, არჩევნებიდან, რომელშიც ტრამპი დამარცხდა, 4 დღით ადრე. მეორე საუბარი გენერლებს შორის 2021 წლის 8 იანვარს შედგა, ტრამპის მხარდაჭერების კაპიტოლიუმში შეჭრიდან 2 დღის შემდეგ. 

პირველი საუბარი გამოიწვია აშშ-ს დაზვერვის ვარაუდმა, რომლის მიხედვით, ჩინეთს ეგონა, რომ აშშ მათზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ვუდვარდისა და კოსტას თქმით, ჩინეთის მოლოდინი ეფუძნებოდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებსა და დონალდ ტრამპის რიტორიკას. 

"გენერალო ლი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის მთავრობა სტაბილურია და ყველაფერი კარგად იქნება. არ ვაპირებთ თქვენს წინააღმდეგ თავდასხმას ან რაიმე დიდი ოპერაციის ჩატარებას", – უთხრა მილიმ ჩინელ გენერალს პირველი საუბრის დროს. 

წიგნის მიხედვით, საქმე იქამდე მივიდა, რომ გენერალმა მილიმ გენერალ ლის პირობაც კი მისცა, რომ აშშ-ს თავდასხმის შემთხვევაში, ის მას წინასწარ გააფრთხილებდა: "გენერალო ლი, ჩვენ ერთმანეთს უკვე ხუთი წელია რაც ვიცნობთ. თუ თავდასხმას დავაპირებთ, წინასწარ დაგირეკავთ. მოულოდნელი არ იქნება". ავტორების მიხედვით, ლი მის სიტყვებს ენდო.

მომდევნო საუბარი შეეხო ჩინეთის შიშს 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის მოვლენებთან დაკავშირებით და ამჯერად გენერალი ლი გენერალმა მილიმ მარტივად ვერ დაარწმუნა. "100 პროცენტით სტაბილურად ვართ. ყველაფერი კარგადაა. დემოკრატია ზოგჯერ მოუხელთებელია", – ეუბნებოდა მილი ლის.

წიგნის ავტორების ნაშოვნი სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტის მიხედვით, გენერალ მილის სჯეროდა, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ ტრამპის მენტალური მდგომარეობა გაუარესდა. მან ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსისთანაც ისაუბრა, ასევე 8 იანვარს, სანამ გენერალ ლის დაურეკავდა. პელოსიმ მას ჰკითხა: "რა წინასწარი ქმედებებია შესაძლებელი არასტაბილურ პრეზიდენტს სამხედრო ქმედებები, ან გამშვებ კოდებზე წვდომა და ბირთვული თავდასხმის ბრძანება რომ შევუზღუდოთ?". 

"ის შეშლილია. იცი, რომ შეშლილია... და გუშინ რაც გააკეთა, კიდევ ერთი დასტურია მისი შეშლილობის", – წიგნის ავტორების ნაშოვნი ტრანსკრიპტის მიხედვით, ეუბნებოდა პელოსი მილის, რაზეც გენერალმა უპასუხა, – "ყველაფერში გეთანხმები".

გენერალ მილის ეშინოდა, რომ ჩინეთი პირველ დარტყმას განახორციელებდა ტრამპის ქმედებების მოულოდნელობის გამო. ამიტომაც, კვლავ 8 იანვარს, მილი დაუკავშირდა აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანეთის მეთაურობას, სამხედრო ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონზე. მილიმ ამ რეგიონში სამხედრო ვარჯიშების ჩატარების გადადება მოითხოვა. ადმირალმა ბრძანება შეასრულა. 

წიგნის მიხედვით, მილიმ მაღალი რანკის ოფიცრები შეკრიბა, რათა შეეფასებინათ ბრითვული იარაღის გაშვების პროცედურა. მილიმ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემა, მაგრამ თავადაც უნდა ყოფილიყო ჩართული. მან ოფიცრებს მოსთხოვა, რომ დაედასტურებინათ, რომ ყველაფერი გაიგეს, რასაც ეუბნებოდა.

წიგნში მოცემულ ინფორმაციას გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გენერალ მილის ქმედებებს ღალატი უწოდა. "ჩინეთზე თავდასხმა არც მიფიქრია", – დაამატა ტრამპმა. 

ფლორიდის რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკო რუბიომ წერი მიწერა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და გენერალი მილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. 

გენერალი მილის ოფისმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, როდესაც მას მედია დაუკავშირდა.

 

კომენტარები