არჩევნები 2021

დმანისში საარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის აქტივისტების დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. სავარაუდოდ, სწორედ ის არის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი, რომელსაც პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერი, კახა ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანით სახის არეში დაზიანებები მიაყენა ოპოზიციის მხარდამჭერებს - 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს.

"დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა. სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.

ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით" - აცხადებს შსს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები