ბელარუსი

მინსკში გამოფინეს ავტომატი, რომელსაც ლუკაშენკო 2020 წლის აქციების დროს ატარებდა

ალეკსანდრ ლუკაშენკო AK-47-ით

მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გამოფინეს ავტომატი, რომელსაც ლუკაშენკო 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ატარებდა.

ექსპოზიციის ფოტოები ლუკაშენკოსთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა. ავტომატის გარდა ექსპოზიციის ბელარუსის დროშა ლუკაშენკოს გამოსახულებითა და წარწერით "ბატკასთვის" და ნახატი, რომელზეც დამოუკიდებლობის სასახლის ფონზე ლუკაშენკო და მისი უმცროსი შვილი, ნიკოლაი სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმულები და შეიარაღებულები არიან გამოსახული.

როგორც ბელარუსის სამთავრობო მედია ბელტა წერს, ექსპოზიცია 2020 წლის მოვლენებს ეძღვნება.

2020 წლის საპროტესტო აქციების პერიოდში ლუკაშენკო სხვადასხვა დროს ჩნდებოდა ავტომატით ხელში. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოდის შეიარაღებული ლუკაშენკო ვერტმფრენიდან.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. ოპოზიციონერი ლიდერებმა ან ქვეყანა დატოვეს, ან დაკავებულები არიან. არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მან ქვეყანა მალევე დატოვა. ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში ცხოვრობს. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ბელარუსის დატოვების შემდეგ ის აქტიურად ხვდება მსოფლიო ლიდერებს.

საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსში მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მასობრივად ხურავენ.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ივლისის დასაწყისიდან დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა.

კომენტარები