ქართული კინო

სალომე ჯაშის მოთვინიერებამ "ევროპულ ოსკარად" წოდებული EFA-ს ნომინაცია მიიღო

Cineuropa

სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა მოთვინიერება European Film Awards(EFA)-ს ნომინაცია მიიღო.

ქართული სურათი საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმის წოდებისთვის იბრძოლებს. იმავე კატეგორიაში მოხვდა სერგეი ლოზნიცას ბოლო ნამუშევარი ბაბი იარი.

მოთვინიერება ქართველი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეძღვნება. სურათი 2021 წლის ბერლინის ფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილეც გახდა და სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაცია მიიღო.

სალომე ჯაში ქართველი დოკუმენტალისტია, გადაღებული აქვს ფილმები ლიდერი ყოველთვის მართალია, მათი ვერტმფრენი, ბახმარო, ცურვა.

ევროპულ კინოჯილდოზე კიდევ ერთი ქართული ფილმი, დეა კულუმბეგაშვილის დასაწყისია წარდგენილი. სურათი კინოჟურნალისტების პრიზისთვის (Fipresci) იბრძოლებს

EFA ოსკარის ევროპული ანალოგია, რომელიც პირველად 1988 წელს გაიმართა. სხვადასხვა წლებში პრესტიჟული ჯილდო მიხაილ ჰანეკეს, რომან პოლანსკის, იორგოს ლანთიმოსის და პედრო ალმოდოვარის ნამუშევრებს გადაეცა. 2021 წლის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, საუკეთესო ფილმად დანიელი რეჟისორის თომას ვინტერბერგის თრობა დასახელდა.

კომენტარები