მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: ევროპარლამენტარს პატიმრის ნახვაზე უარს პუტინის რუსეთის ბანაკის ქვეყნები ეუბნებიან

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას არშეშვებას ეხმაურება. ფოტიგას არშეშვებაზე ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო ბრიგინგი გამართეს. ბოკერიას შეფასებით, ევროპარლამენტარებს ციხეში შეშვებასა და პატიმრის ნახვაზე უარს პუტინის რუსეთის ბანაკის ქვეყნები ეუბნებიან.

"ძალიან მარტივია, რომ გადავავლოთ თვალი იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს ნებისმიერ საქმეზე, არათუ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, სადაც შეიძლება, რომ ევროპარლამენტარებს და ნებისმიერ პოლიტიკოსს უარი უთხრან ციხეში შესვლასა და ნებისმიერი პატიმრის ნახვაზე. თუ გადავავლებთ თვალს ამ ქვეყნების ჩამონათვალს, ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ღიად აქვთ ნათქვამი უარი თავისუფალი სამყაროს წევრობაზე - არიან იმ ბანაკში, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს, ანუ, პუტინის რუსეთის ბანაკში. ეს არ არის უტრირება - არცერთ ქვეყანაში, რომელსაც სურს, იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ზოგადად, თავისუფალი სამყაროს წევრი, არ შეიძლება, ეს მოხდეს". - ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ფოტიგას არშეშვებით მთავრობა აჩვენებს, რომ საქართველომ იმ ქვეყნების ჯგუფიდან, რომლებსაც სურთ, რომ თავისუფალი სამყაროს წევრები იყვნენ, მეორე, "პუტინის რუსეთის ფარვარტერში" მყოფი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. 

"ეს საგანგაშო სიმართლეა. ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც აქამდე პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ იყო, რომელსაც ბუნებით სურს, რომ საქართველო იყოს დასავლური დემოკრატია, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით, ნებისმიერი ოპოზიციის მიმართ სიმპატია არ აქვს და არ თვლიდა საჭიროდ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, ეს არის კიდე  ერთი მძიმე სიმპტომი, რომ თვალსა და ხელს შუა შეიძლება აღმოვჩნდეთ უმძიმესი კატასტროფის წინაშე. არა მარტო დღეს პოლიტიკურად დაპირისპირებული ადამიანები, არა მარტო სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, ის ადამიანები, ვინც ახლა შიმშილობის პროცესში არიან, არა მარტო პარტიები, ვინ არიან დაპირისპირებული - ყველა ადამიანი, მათ შორის, ისინიც, ვისაც, ჩემდა სამწუხაროდ, ოცნების მიმართ დღესაც შეიძლება ჰქონდეს სიმპატია, მაგრამ სურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი სამყაროს წევრი. მათთვის ივანიშვილის ეს ჟესტი საგანგაშო უნდა იყოს". - ამბობს ბოკერია. 

დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ დაწერა, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა - მისი თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ექსპრეზიდენტის მონახულება იყო. 

"ნებართვის მისაღებად განცხადება დავწერე. ვიმედოვნებ მის ნახვას, რადგან წარსულში მომინახულებია სხვა პატიმრები. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება ამჯერადაც დადებითი იქნება. ზოგადად რომ ვისაუბრო, მივყვები გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის შეხედულებებსა და ქმედებებს. მე აქ ვარ, რომ ვიყო ქართველ ხალხთან ერთად, რომ ვიდგე საქართველოს გვერდით". - თქვა მან გუშინ, 12 ნოემბერს. 

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ფოტიგას არშეშვებაზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ "ევროპარლამენტარი არაფრის ინდულგენცია არ არის ქვეყანაში" და, მისივე სიტყვებით, ანა ფოტიგამ "კეთილინებოს, შეისწავლოს [საქმე] და მერე ილაპარაკოს".  

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები