მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე სააკაშვილთან ექიმის არშეშვებაზე: სტუმრები გვიანობამდე ჰყავდა, შესაძლებელია, ეძინა

15 ნოემბერს მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეუშვეს. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილს გვიანობამდე ჰყავდა სტუმრები და, მისივე სიტყვებით, შესაძლოა, ეძინა. 

"ძალიან გვიანობამდე ჰყავდათ სტუმრად პარლამენტის წევრები და, შესაძლებელია, ამის მერე უბრალოდ ეძინა პატიმარს და ამ მოტივით აღარ [შეუშვეს] მას ამ დროს ჰყავდა დეპუტატები, რომლებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ, ზუსტად საათი და წუთი არ მახსოვს, ბუნებრივია, ამაზეც შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია". - ამბობს იუსტიციის მინისტრი. 

ბრეგაძე ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო აღჭურვილია ყველა საჭიროებით და იქ ექსპრეზიდენტი უსაფრთხოდაა. მისივე თქმით, "დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით", ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში განაცხადებს, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააკაშვილი უკვე მე-8 დღეა, რაც გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმთა ჯგუფს ის ამ დრომდე არცერთხელ უნახავს.   

ასევე, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ არ აქვთ ვალდებულება, სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა შეუშვან. 

"საქართველოს კანონმდებლობოთ არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა. არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს". - ამბობს ის. 

14 ნოემბერს სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ შექმნილი კონსილიუმი. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები