მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენის საბჭოს წევრი სააკაშვილზე: აქვს მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის კარგვა

Georgian Journal

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის კარგვა და სისუსტე აღენიშნება. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩემი დიაგნოზი ერთ-ერთ მრისხანე დიაგნოზად ითვლება - ვერნიკეს ენცეფალოპათია. თვითონ მოგვცა უფლება, რომ ამაზე ღიად გველაპარაკა და ამიტომ ვბედავ ამაზე საუბარს.

მას აქვს მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის კარგვა, რომელიც ახლა განუვითარდა, ასევე სისუსტე, ეს არის სწორედ დაავადების არასრული გამოვლინება. გამომდინარე კონტექსტიდან, პაციენტი ორს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს და სამს აკმაყოფილებს უკვე და ითვლება, რომ ეს დიაგნოზი კლინიკურია". - ამბობს წულაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილისნაირი პაციენტი ყოველდღიურად უნდა ფასდებოდეს მრავალი სპეციალისტის მიერ, მისი ნევროლოგიური სტატუსი კი ყოველდღე არ ფასდება, ამიტომ, როგორც ექიმი ამბობს, აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. 

"სავარაუდოდ, ეს რგოლი აკლდათ და ყოველდღიურად ნევროლოგიური სტატუსი არ ფასდება. ასეთი ადამიანი მრავალი სპეციალისტის მხრივ უნდა ფასდებოდეს დეტალურად. ამიტომაა მნიშვნელოვანი მრავალპროფილური კლინიკა, რაც მე იქ ვერ დავინახე, რომ ამ წუთში ასეთი რამე ხდება. მარტო აპარატურის მოწყობა ამისთვის საკმარისი არ არის". - ამბობს წულაძე. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები