კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: ოცნებას ანტივაქსერული ჯგუფების სიამოვნების პოლიტიკა აქვს, ფასს ჩვენ ვიხდით

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც ხელისუფლებამ პანდემიის მართვისთვის უნდა გადადგას. კალოიანი ამბობს, რომ ქართული ოცნება პოპულისტურ გადაწყვეტილებებს იღებს და "ანტივაქსერებთან ბევრად უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს". 

"სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში. ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ. სამწუხაროდ, ეს დინამიკა არ შეწყდება და არ შემცირდება არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა, მანამ, სანამ ხელისუფლება არ გაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც ევროპული საქართველო ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას". - ამბობს კალოიანი. 

ვახტანგ კალოიანის თქმით, ხელისუფლებამ ეპიდსიტუაციის მართვისთვის შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: 

  • აქტიური საინფორმაციო კამპანია 
  • სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიოლოგიურად მაღალ რისკ-ჯგუფებში 
  • მობილური ჯგუფების მობილიზება და მოქალაქეებთან ვაქცინების მაქსიმალურად ახლოს მიტანა 
  • მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია  
  • ფინანსური წამახალისებელი მექანიზმების შემოღება საგადასახადო შეღავათების გზით

"როგორც ეტყობა, პრემიერი ღარიბაშვილი და ქართული ოცნება ანტივაქსერებთან ბევრად უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, მთელი მისი პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში არის კვერის დაკვრა და ანტივაქსერული აგრესიული ჯგუფების სიამოვნება, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით და უამრავი ინფიცირებულით". - ამბობს კალოიანი. 


ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 822 383 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 763 755 პაციენტი და გარდაიცვალა - 11 679. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები