ჩილე

ჩილეში 35 წლის მემარცხენე კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

19 დეკემბერს ჩილეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში 35 წლის მემარცხენე კანდიდატმა, გაბრიელ ბორიჩმა გაიმარჯვა - ხმათა 56%-ით მოუგო იურისტ ხოსე ანტონიო კასტს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში

ბორიჩი  ამომრჩეველს რამდენიმე სამთო პროექტის შეჩერებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, კერძო საპენსიო ფონდის დასრულებას ჰპირდებოდა.  როგორც თავად აღნიშნავს, მისი ამბიციური მიზანია, დაამყაროს ევროპული სტილის სოციალური დემოკრატია, რომელიც გააფართოებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებებს. გამარჯვებულმა ბორიჩმა სიტყვის გამოსვლისას თქვა, რომ ის აღარ დაუშვებს, რომ ღარიბებმა კვლავ განაგრძონ ჩილეს უთანასწორობისთვის ფასის გადახდა.

კამპანიისას ხოსე ანტონიო კასტი აქცენტს ოპონენტის მწირ გამოცდილებაზე აკეთებდა და აღნიშნავდა, რომ დიდი ალბათობით, გაბრიელ ბორიჩი ჩილეს კომუნისტური პარტიის “მარიონეტად” იქცევა და დააზიანებს ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკას.

არჩევნების შემდეგ, ანტონიო კასტმა გაბრიელ ბორიჩს გამარჯვება საჯაროდ მიულოცა. 

გაბრიელ ბორიჩი ცნობილია ანტისიონისტური განცხადებებით. საარჩევნო კამპანიისას, ადგილობრივ ებრაელებთან შეხვედრისას მან ისრაელს "მკველილი სახელმწიფო" უწოდა და ხელი მოაწერა პალესტინის მხარდასაჭერ დოკუმენტს. 

პოლიტიკური წესრიგი მალევე შეიძლება შეიცვალოს, რადგან ახლად არჩეული კრება პინოჩეტის პერიოდის კონსტიტუციას ცვლის. თეორიულად, ყველაზე ძლიერმა ინსტიტუციამ - კრებამ შესაძლოა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, მას შემდეგ, რაც საკუთარ საქმიანობას მომავალ წელს დაასრულებენ.

კომენტარები