ჩილე

ჩილეში ახალი მემარჯვენე კონსტიტუციის მიღების თაობაზე რეფერენდუმი ტარდება

ახალი მემარჯვენე კონსტიტუციის მხარდამჭერები სანტიაგოში
The New York Times

17 დეკემბერს ჩილეში ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე მეორე რეფერენდუმი ჩატარდება. ამჯერად შეთავაზებული კონსტიტუცია მემარჯვენე პრინციპებს ეფუძნება. ის მკვეთრად განსხვავდება მოსახლეობისთვის უწინ წარდგენილი რადიკალურად მემარცხენე კონსტიტუციისაგან, რომელზეც 2022 წლის სექტემბერში ამომრჩეველთა 62%-მა უარი თქვა. 

პირველ რეფერენდუმზე წარდგენილ კონსტიტუცია 2019 წლის აქციების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მემარცხენე ძალამ შეადგინა. შეთავაზებული კონსტიტუციაში ყურადღება გარემოს დაცვასა და ფემინიზმზე იყო გამახვილებული. ის სხვადასხვა რეფორმებს შორის ბუნებისთვის უფლებების მინიჭებასა და ადგილობრივი ხალხებისთვის პარალელური სასამართლო სისტემების შექმნას ითვალისწინებდა. 

გარდა ამისა, წარდგენილი მემარცხენე კონსტიტუცია საკუთარ თავში 100-ზე მეტ უფლებას მოიცავდა, მათ შორის განათლების, თავშესაფრის, ინტერნეტზე წვდომის, სუფთა ჰაერის, სანიტაციისა და “დაბადებიდან სიკვდილამდე ზრუნვის” უფლებას.

მმართველი ძალის მიერ შეთავაზებული რეფორმის მასობრივი უარყოფის შემდეგ საკონსტიტუციო საბჭოს ახალი არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად 51-კაციანი საბჭოს დაახლოებით 2/3 მემარჯვენე კონსერვატორებმა დაიკავეს.

ახალი საკონსტიტუციო საბჭოს მიერ წარდგენილი კონსტიტუცია, წინანდელის საპირისპიროდ, კერძო საკუთრების უფლების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების შენარჩუნების ვალდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. შეთავაზებული კონსტიტუციით, ნებისმიერ იმიგრანტს, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს ან ჩილეში უკანონოდ შევა, დეპორტაცია ემუქრება. 

ამასთანავე, კონსერვატორთა შედგენილი კონსტიტუცია დაუბადებელი ბავშვის დაცვის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს, რაც, ზოგის შეფასებით, აბორტის უფრო მეტად შეზღუდვას გამოიწვევს. 

პოლიტიკურ ასპარეზზე მკვეთრი იდეოლიგიური ცვლილება ამომრჩევლებში პრიორიტეტების ცვლილებასა და ახალი მემარცხენე მთავრობის პოლიტიკით იმედგაცრუებას ირეკლავს

ბევრის აზრით, ახალი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულის რიცხვმა მოიმატა და, ამავდროულად, მან ვერც ამომრჩეველთა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შეძლო. 2019 წელს ამომრჩევლებისთვის მემარცხენე მოთხოვნები იყო პრიორიტეტული, ხოლო დღეს მოსახლეობის 60% თვლის, რომ მთავრობამ უსაფრთხოება უნდა გააუმჯობესოს, 35% კი მიიჩნევს, რომ ეკონომიკას უნდა მიაქციოს ყურადღება. ამომრჩეველთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ მთავრობამ ყურადღება უნდა სქესთა შორის თანასწორობასა და გარემოს დაცვას დაუთმოს, რაც მმართველი პარტიის შედგენილი ახალი კონსტიტუციის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. 

კომენტარები