ქრისტეშობის დღესასწაული

ძირგამომთხრელი ლოცვა – თბილელი მიტროპოლიტის საშობაო მიმართვა

ქრისტეშობის დღესასწაული

ძირგამომთხრელი ლოცვა – თბილელი მიტროპოლიტის საშობაო მიმართვა

შობა მარტოოდენ კოხტად მორთული საშობაო ნაძვის ხე, ანდა ნუგბარით დაზვინული ხონჩა რომ არ არის ეს ყველამ იცის.  შობა არც რელიგიურ-ტომობრივი ლიდერის დაბადების დღე არ არის. შობა მშვიდობისა და სოლიდარობის დღეა უპირველეს ყოვლისა.
 
შობა ლოცვაა, დიდი ლოცვა, რომლის ხმაც მახარობლებმა მოგვაწვდინეს ორათასწლოვანი წარსულიდან. ანგელოზები ასე გალობდნენო ლუკა წერს, მახარებელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
 
თუ შობა მართლა ლოცვაა და თანაც დიდი, ალბათ, იმისი გააზრებაც არ გვაწყენდა თუ ლოცვა რა არის. ლოცვაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ის რაც ყველაზე რელევანტურად მეჩვენება და, ჩემი აზრით, ჭკუასთან ყველაზე უფრო ახლოა, ეს არის მეოცე საუკუნის დიდი თეოლოგის, რაბი აბრაჰამ ჯოშუა ჰეშელის (1907-1972) განმარტება ლოცვაზე. ვფიქრობ ეს განმარტება ზედმიწევნით მიესადაგება ჩვენს დროებას.
 
„ლოცვა უაზრობაა“ - ასე იწყებს ჰეშელი თავისი აზრის გადმოცემას, რაც შეიძლება პიეტისტურად განწყობილი მორწმუნისათვის თავზარდამცემად ჟღერდეს. „ლოცვა უაზრობაა, თუ ის რისამე ძირის გამოთხრას არ ემსახურება,“ – წერს იგი, –  „თუ ლოცვის მიზანი არ არის, რომ დაამხოს ღვარძლიანობა, სიძულვილი, მედროვეობა, სიცრუე...“  ლოცვის ასეთი განმარტება ნამდვილად მიესადაგება შობას და განსაკუთრებით იმ შობას, რომელსაც წელს ვიყენებთ არა მარტო საქართველო, არამედ მთელი სამყარო, კოვიდ 19-ის გამოწვევებით დაღლილი და დაქანცული.

ქვეყანასა ზედა მშვიდობა

შობის ლოცვამ წესით ძირი უნდა გამოუთხაროს ყველა იმ სისტემას, რომლსაც ომი და სისხლისღვრა სწყურია, რომელსაც ადამიანის ჩაგვრაზე და დამცირებაზე უჭირავთ თვალი. ამით ცხოვრობს და ამით მდიდრდება.
 
ამ სისტემებისა და ჰეგემონიური ძალების წარმომადგენლები შობა ღამეს ვითომ ღვთისმოსავური სახეებით გამოჩნდებიან ხოლმე ხშირად ტაძრებში, ეკლესიებში, სამლოცველოებში, რათა შობა ღამეს რელიგიური ლეგიტიმაციის მოსასხამი შემოიხვიონ თავიანთი ავკაცობისა და ავქალობის გასამართლებლად. რელიგიაც ხვდება მათ რა სჭირდებათ და ისიც გამეტებით სთავაზობს მათ ამ ლეგიტიმაციის შესამოსელს.  რელიგიას არ ესწავლება, მან იცის, რომ ამაში ხეირს ნახავს. ასე იყო ყოველთვის. ასე არის ახლა. ამა სოფლის ძლიერებმა და მათმა რელიგიურმა ამფსონებმა კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ძალნაკლულთათვის განკუთვნილი შთაგონების წყარო, რომელსაც ყრმა იესო განასახიერებს,  თავიანთი უკუღმართი ძალაუფლების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. მათ უნდათ იესო მიითვისონ და თავიანთ ჯიბეში მოაყომარონ – არ გამოუვათ!  იესო ვერასდროს  მათ მხარეზე ვერ იქნება, როგორი დიდი კელაპტრებიც არ უნდა დაიჭირონ ხელში, იესო ვერასდროს გაამართლებს მათ თვალთმაქცობას, გაუმაძღრობას, ადამიანის ჩაგვრასა და მუხანათობას.
 
იესო მშვიდობის მხარესა დგას. მშვიდობისა, რომელიც უომრობას არ გულისხმობს მხოლოდ. იესოსეული მშვიდობა გულისხმობს ჰარმონიას განსხვავებულთა შორის. ის გულისხმობს სიჯანსაღეს სულიერსა და ფუზიკურს,  სილამაზეს შინაგანსა და გარეგანს. ეს არის ებრაული "შალომისა" და მუსლიმური "სალამის" საზრისი. ვის არ უნდა უნდოდეს ასეთი მშვიდობა? ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ თითქმის არავისაც არ უნდა ასეთი მშვიდობა. უფრო სწორად ამბობენ, რომ მშვიდობა კი უნდათ, ოღონთ მასზედ მიბმული "მაგრამებით", "თუმცებითა" და "ზოგჯერებით". მშვიდობა კი გვინდა, მაგრამ...
 
ერაზმუსს (1466-1534), რომელსაც მისსავე სიცოცხლეში "ქრისტიანი ჰუმანისტების გვირგვინად" მოიხსენებდნენ, ეკუთვნის ერთი პატარა ნაწარმოები, რომელსაც "მშვიდობის ჩივილი" ჰქვია. ამ ნაწამოებში მშვიდობა პერსონიზებულია და ეძებს თავშესაფარს. ხან საეროებს მიადგება დიდებულ სასახლეებში და ქონებაში  ჩაფლულებს, ხან ეკლესიებსა და სასულიერო პირებს მიადგება, მაგრამ მისთვის ადგილი არავის ემეტება. ისევე, როგორც იესოსთვის არ აღმოჩნდა ადგილი შობის ნარატივში.
 
ერაზმუსამდე კარგა ხნით ადრე გრიგოლ ნოსელი (335-395) თვლიდა, რომ მშვიდომის გარეშე ფასი არაფერსა აქვს: არც ქონებას, არც ოჯახობას, არც ამხანაგობას. ამიტომ ის მოუწოდებს მკითხველს, ცხრა ნეტარების განმარტებაში,  და ეუბნება: "უფალსა სურს რომ შენში ისე გამრავლდეს მშვიდობის მადლი, არა მარტო იმისთვის, შენ მოილხინო ამ მშვდობით, არამედ იმისთვის, რომ თვითონ გახდე მშვიდობის წამალი სხვა დამიანების უკეთურების სამკურნალოდ".  გრიგოლ ნოსელი დარწმუნებულია, რომ უფალი ადამიანს მოუწოდებს:
 
"ჩააქროს სიძულვილი,
მოიკვეთოს მტრობისა და შურისძიების ჟინი,
მოსპოს დავი-დარაბა,
გააძევოს თვალთმაქცობა,
ჩააქროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ხსოვნა, რომელიც გულსა ხრწნის, და ეს ყველაფერ ჩაანაცვლოს იმით, რაც ამის საპირისპიროა...
სიყვარულით,
სიხარულით,
მშვიდობით,
სიკეთით".
 
გრიგოლ ნოსელის თავიდან მოსაშორებელი უკეთურებების სია ჩვენს დროში კიდევ უფრო მეტს დაიმატებდა. მოდით, ვცადოთ გრიგოლ ნოსელის თვალით შევხედოთ ჩვენს თანამედროვეობას და წარმოვიდგინოთ რა უკეთურებები შეიძლება დაემატოს ამ სიას ჩვენს დროებაში:
 
ადამიანების დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად. ეთნიკური-რასობრივი და რელიგიური ქედმაღლობა და კუდამპარტავნობა.
 
გულგრილობა ღარიბი და უპოვარი ადამინების მიმართ,
 
პიეტისტური დისკურსის გამოყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის,
 
კრიტიკისაგან დაცლილი  და გაუაზრებელი მხარდაჭერა რელიგიისა პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მიერ ლეგიტიმაციის მიზნით,
 
დისკრიმინაცია ქალებისა და ფემინური პერსპექტივის უგულებელყოფა ცხოვრებასა და პოლიტიკაში,
 
რელიგიისა და ღმერთის სახელით გამართლებული ძალადობა,
 
რელიგიური უმცირესობების დევნა და შევიწროვება. მათ არსებობაში ეროვნული საფრთხის დანახვა.
 
ლგბტქ+ ადამიანების დემონიზება და მათი დევნა. საამისოთ იუდეო-ქრისტიანული და ისლამური საღვთო წერილის გამოყენება მიუხედავად იმისა,
რომ მათში არაფერი წერია განსხვავებული სექსუელური ორიენტაციის ფენომენის შესახებ.
 
დაუდევარი მოპყრობა ეკოსისტემის მიმართ. მისი ექსპუატაცია და განადგურება.
 
უგულობა, სისასტიკე და მომხმარებლური დამოკიდებულება შინაური და გარეული ცხოველ-ფრინველების მიმართ.
 
ვინ მოსთვლის,  კიდევ რამდენი რამე გვაქვს ჩასანაცვლებელი სიყვარულით,
სიხარულით, მშვიდობითა და სიკეთით. ამაზე ფიქრი გონიერი მკითხველისთვის მიმინდვია.
 
შობის ლოცვა ამ უკეთურებებისათვის ძირის გამოთხრას გულისხმობს, მათ მოშორებასა და დაძლევას გულისხმობს. აკი, გითხარით დიდი ლოცვა არის მეთქი შობა. ახლა გინდათ ვიზემოთ ეს შობა, გინდათ ნუ ვიზეიმებთ, გინდათ 25 დეკემბერს ვიგალობეთ „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე  იშვა ბეთლემასაო“ და გინდათ 7 იანვარს ვიგალობოთ. გინდათ საერთოდ ნურასდროს ვიგალობოთ (განსაკუთრებით იმათ ვისაც სიმღერის ნიჭი არ მოგცა გამჩენმა), გინდათ ქრისტიანები ვიყოთ, გინდათ მუსლიმები, ანდა ებრაელები და ეზიდები, გინდათ ნურანაირი რელიგიის მიმდევარი ნუ ვიქნებით,  ოღონდაც ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ძირი გამოვუთხაროთ იმ უკეთურებებს, რომელთა დასაძლევადაც მოევლინა წუთისოფელს ბეთლემში დაბადებული უმწეო ყრმა.


კაცთა შორის სათნოება

ჩვენს რელიგიას, ისევე როგორც ყველა სხვა რელიგიას, ამ დედამიწის ზურგზე,  ორი ონტოლოგიური საზრისი აქვს. ერთი - ადამიანი გაათავისუფლოს ეგოცენტრიზმისაგან და მეორე - ასწავლოს მას ემპათიის გრძნობა. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ანგელოზების საგალობელში კაცთა შორის სათნოება საკმაოდ თვალში საცემად არის გამოკვეთილი. წესით შობამ და შობის ლოცვამ  ეს ორი, რამ უნდა შეგვახსენოს. რამდენად გამოსდის ეს, ცალკე საკითხავია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: ეს შობის ზეიმის გულისგულში ძევს.
 
რათქმა უნდა დასანანია, რომ შობა-ახალი წელი კომერციული ინდუსტრია უფროა, ვიდრე თვითჭვრეტითი, კონტემპლატიური ფენომენი. მაგრამ რას ვიზამთ. რეალობა ასეთია.
 
ერთხელ მძიმე კაცთან ინტერვიუში ირონიითა ვთქვი ქრისტეს ვკითხავდი რამეს ხომ არ ნანობს-მეთქი და ვისაც არ დაეზარა ქოქოლა დამაყარა, ბიბლიის მთარგმელმა კაცმა და ეპისკოპოსმა ეგ როგორ უნდა  თქვასო. ახლა უფრო მეტს ვიტყვი იესო ნამდვილად ნანობს, რომ მისი დაბადების დღე იზეიმება, არა უპოვართა, მიუსაფართა  და ლტოლვილტა შესაფარებლად, არამედ ჩვენი კონსუმერისტული მადის დასაკმაყოფილებლად.
 
ცხადია, არავინ ამბობს, რომ ქრისტიანის და საერთოდ რელიგიური ადამიანის სულიერი ცხოვრება მოსაწყენი და მოღუშული უნდა იყოს. რელიგიურ ადამიანს თავპირი რომ ჩამოსტირის ეს სულაც არ არის საგანგებო სულიერების ნიშანი.
პირიქით, რელიგიამ ხალისი და სიხარული უნდა აჩუქოს ადამიანს. შთააგონოს და ასწავლოს სიხარულის ჩუქება ასწავლოს სხვისთვის. შობის ინდუსტრიის კრიტიკა სილამაზის კრიტიკა კი არ არის, არამედ ის რომ ეს სილამაზე მარტო რჩეულთა და ქონებამოყირჭებული ადამიანებისა არ უნდა იყოს. შობის ამბავი ყველასია. ადამიანებისა და ასევე მთელი სამყაროსი. ძალიან დასანანია, რომ შობა-ახალწლებში გამყრუებელი ბათქა-ბუთქის გამო უამრავი ცხოველ ფრინველი იხოცება ჩვენს ირვლივ. თითოოროლა ორგანიზაცია შობის წინეებში ცდილობს ხოლმე ვინმეს შეასმინოს, რომ ჩვენს ზეიმს არა უნდა ვანაცვალოთ უმწეო ცხოველ-ფრინველები, მაგრამ ვინ არის ამის გამგონე. რელიგიებიც გაყურსულები ვართ, იმის მაგივრად რომ ხმა ამოვიღოთ და შობა-ახალწლის ზეიმი ადამიანებისა და მისი გარშემო არსებული სამყაროს ზეიმად ვაქციოთ. წირვა-ლოცვა და საცეცხლურის ქნევა კარგია, კათედრიდან გადმოდგომა და ბრტყელ-ბრტყელების ლაპარაკიც ადვილია, მაგრამ მთავარი ემპათიაა!
 
მეცხრამეტე საუკუნეში, როდსაც პოლიტეკონომიკური დისკურსის ფარგლებში რელიგიის კრიტიკა გამოიკვეთა, ყველა რელიგია ყალყზე დადგა. ფეხების ბაკინით დაგმეს და გაკილეს ყველანაირი კრიტიკა. მერე მეოცე საუკუნეში, როდესაც საბჭოთა კავშირმა იმ პოლიტეკონომიის საბურველი მოირგო, მას შემდეგ სრულებით ფეხქვეშ გასათელი გავხადეთ ეს კრიტიკა. ამ კრიტიკის მიხედვით, რელიგიის მთავარი მიზანია არსებული სოციალური წესრიგის შენარჩუნება, ამა სოფლის ძლიერთა ლოცვა-კურთხევებით ავსება, უბრალო ხალხის უსიტყვო მორჩილების მოპოვება მათთვის საიქიოში სამაგიეროს მიღების დაპირება.
 
მინდა ვიკითხო, დრო ხომ არ მოვიდა ამ კრიტიკაში რაციონალური მარცვალი დავინახოთ? იქნება რელიგიის ამ პერსპექტივიდან მოკრიტიკეები უფრო ახლოს არიან შობის საიდუმლოსთან, ვიდრე ისინი ვინც ვიქტორიანული ესთეტიკით აღნიშნავენ შობა-ახალი წლის ზეიმობანას. ზეიმობანას აქ იმიტომ ვახსენებ, რომ შობის ზეიმი მაშინ არის ნამდვილად ზეიმი, როცა ყველას ეზეიმება და ამ ზეიმიდან არც სოციო-ეკონომიურად არც რელიგიურად არავინ არის გარიყული. ახლა რასაც ვხედავთ ზეიმობანაა, ზეიმის თამაში.
 
ამ შობა ღამეს წირვას გადავიხდი, ქადაგებასაც ვიტყვი, ყველას მივულოცავ შობას, მაგრამ მე თვითონ,  სიმართლე გითხრათ,  სულაც არ მეზეიმება, როცა, მაგალითად, კონკრეტულად ვიცი, რომ ჩემს  ქალაქში ცხოვრობს ახალგაზრდა  ოჯახი, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს (მათ შორის ორი თოთო ბავშვია), არა აქვს საკუთარი ჭერი, არა აქვს შემოსავალი და იმის გამო, რომ ყველანი ერთად ვერ ეტევიან ნაქირავები ოთახის ჭერქვეშ, შვილების ნაწილი ახლობლებთან ყავს გახიზნული სოფელში.  ბავშვებს მულტფილმები უყვართ და კავერნაგახსნილი მამა დღიური სამსახურიდან რომ დაბრუნდება, თავის მობილურში აყურებინებს მულტფილმებს თავის საოცარ თვალებრდღვიალა ბავშვებს. ტელევიზორს იმის შიშით არ ყიდულობენ, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან...
 
მე კიდევ იმიტომ არ მეზეიმება, რომ ჩემს სამშობლოში 13 000 ადამიანი შეიწირა კოვიდმა. მათ შორის ჩემი ნაცნობ-მეგობრები. ყოველდღე გარდავცლილთა რაოდენობა მატულობს. ჩვენთვის კი ეს სტატისტიკად იქცა: დღეს 58, გუშინ 40... არადა თითოეული ციფრის მიღმა რეალური ადამიანები დგანან. ეს ადამიანები ვიღაცის მშობლები არიან, ვიღაცის შვილები, ვიღაცის მეუღლეები. ჩვენ უზარმაზარი ტრადეგიის წინაშე ვდგავრთ და არა ჩანს, რომ ყველა ყველაფერს ვაკეთებდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამაში თავს ვერავინ გამოვიდებთ ვერც ერი და ვერც ბერი. ადამიანი არ ენდობა ვაქცინაციას, არ ენდობა ხელისუფლებას, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ვაქცინაციის პროცესს.
 
სიტყვამ ნდობის ამბავი მოიტანა და აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ ეგრეთწოდებული "მოსმენებისა" და "კრებსების საკითხი". აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება ყველას უსმენს. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და ეს არ მიკვირს. მაგრამ ის რაც მიკვირს ეს არის: სადა აქვს ამ ჩვენ სწყალ ქვეყანას ამდენი რესურსი რომ ამ თანხებს უაზრო მოსმენებზე ხარჯავს?!  აღმოჩნდა რომ საქართველო მეტად ირჯება თავისი მოსახლეობის მოსმენაზე, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, სადაც 70 მილიონი მოსახლეა.  რა ხეირი აქვს ამისთანა მოსმენებს სახელმწიფოსთვის, როდესაც იმაზე მეტს კარგავს ამ მოსმენებით, ვიდრე იძენს. ის კარგავს საყოველთაო ნდობას. ნდობა კი, ჩემგან არ გესწავლებათ, ყველაზე მთავარი კომპონენტია ეთიკური ცხოვრებისა, რადგან ის გავლენას ახდენს საზოგადოებრი ცხოვრების ყველა სფეროზე: პერსონალურ, სოციალურ, რელიგიურ და ბიზნეს ურთიერთობებზე. არაფერი ისე არ არღვევს სახელმწიფოს ერთად შეკრულობას, როგორც ნდობის განელება და დაკარგვა. მაშ, რატომ ანგრევთ სახელმწიფოს?  ვეკითხები ყველას ვისაც ხელი აქვს გასვრილი ამ საქმეში.
 
დღე და ღამე რომ მისმენთ, თქვენთვის რა ხეირი?  მოდით და მე გეტყვით რაც გაინტერესებთ. დაზოგეთ ჩვენივე ფული და გაჭირვებულებს მოახმარეთ. კოვიდის პირობებში ადამიანი გირეკავს სასულიერო პირს და გაბარებს აღსარებას. გიზიარებს იმას, რასაც არავის გაუზიარებდა და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანი ღმერთს უშლის გულს. ხოლო იმაში, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის ხდება, ხელისუფლება რატომ უნდა აფათურებდეს ხელებს!?
იცოდეთ, ამით აზიანებთ ქვეყანას, რომელიც ყველასია.
 
იმ პირობებში, როცა რელიგია საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, როდესაც ის საჯარო ფონდებიდან მარაგდება ფინანსურად,  რელიგიას უჩნდება იმისი განცდა, რომ ის არის საზოგადოების სულიერი წინამძღოლო და ისტორიული წესრიგის გუშაგი. ამრიგად რელიგია ხდება არა გაჭირვებულთა, გარიყულთა და დამცირებულთა ქომაგი, არამედ სრულებით სეკულარული ერთობის საკრალური ბალდახინი. სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს ვაღიაროთ, რომ რელიგიას შეუძლია მისი ეს მდგომარეობა გამოიყენოს ან საყოველთაო სიკეთისათვის  (სოციალური რეფორმებისათვის, სამარმართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის), ანდა საკუთარი ინტერესებისათვის (პოლიტიკური და ეკონომიური ძალაუფლების მოხვეჭისათვის).  რელიგიის ისტორიაში ერთის მაგალითებიცა გვაქვს და მაორისაც. მათი გამოწვლილვით ჩამოთვლა  შორს წაგვიყვანდა.
 
შობის საოცარი ამბავი რელიგიის მესვეურებს გვთავაზობს, რომ თუ რამ ძალაუფელბა გვაქვს პოლიტიკური, თუკი რამ რესურსი გვაბადია თუ ეკონომიური თუ ფინანსური, თუკი რამ გავლენა გვაქვს სულიერი - ეს ყველაფერი არა საკუთარ ინტერსებს, არამედ საყოველთაო კეთილდღეობისათვის უნდა გავიღოთ. შობის თეოლოგიური ხედვა, რომელიც პავლე მოციქულმა შემოგვთავაზა ასეთია: ღვთის სიტყვა განკაცდა, განიძარცვა ღვთაებრივისგან, "თავი წარმოიცარიელა" საყოველთაო კეთილდღეობისათვის.  იესოს ინკარნაცია – განკაცება არ უნდა იყოს ეს ცუდი მაგალითი ჩვენი დროის სასულიერო პირებისათვის!
 
ჩვენთვის არავის დაუვალებია ადამიანი ან ჯოჯოხეთის ცეცხლით დავაშინოთ ანდა სამოთხის წალკოტით მოვხიბლოთ და მოვთაფლთ. ის რაც სინამდვილეში დაგვავალეს ეს არის: მშიერს პური ვაჭამოთ, მწყურვალს წყალი დავალევინოთ, სნეული და პატიმრობაში მყოფი მოვინახულოთ, უსამართლოდ დაჩაგრულს გამოვესარჩლოთ, მკვდარი დავიტიროთ და ცოცხალზე ვიზრუნოთ. თუ ვინმეს ყრმად დაბადებული ისოს მოძღვრება გულწრფელად აინტერსებს, მისი მოძღვრება ეს არის.
 
ვაღიარებ, ეს რეფლექსია არ გამომივიდა ჩამტკბარ-ჩაკოხტავებული. მაგრამ შობა ჩვენთვის მაინც რჩება იმედის ათინათად ამ მრუმე წუთისოფელში. ეს  იმედი ყალბი არ არის, რადგან ცხოვრება ასეა: ძალიან შავად მოქუფრულ ზეცას რომ უყურებ, მაშინაც კი იცი,  რომ ღრუბლებს მიღმა მზეა და ის ადრე თუ გვიან უსათუოდ გამოანათებს.
 
საშობაო საჩუქრად კი მინდა მეცხრე საუკუნის ცნობილი სუფიელი ქალი მისტიკოსის რაბია ალ-ბასრის ლოცვა გაჩუქოთ ყველას:
 
"უფალო,
 
ჯოჯოხეთის გამო თუ ვლოცულობდე შენზე
ჯოჯოხეთის ცეცხლში დამწვი და დამგაგე,
 
სამოთხეში მოხვედრის იმედით თუ ვლოცულობდე
სამოთხე არ მაღირსო.
 
ხოლო შენი სიყვარულის გამო თუ ვლოცულობდე,
არ მომაკლო შენი მარადიული მშვენიერება".
 
პატივისცემით,

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი.

კომენტარები