ავსტრალიის ღია პირველობა

ვაქცინაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ნოვაკ ჯოკივიჩი Australia Open-ზე ითამაშებს

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს. გადაწყვეტილებას დიდი სლემის ტურნირის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისზე განაცხადი გააკეთა, რომელიც ორმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეისწავლა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება, ამ დრომდე კი მოქმედი ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაწილეობა ვაქცინაციის სტატუსის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ტურნირის წარმომადგენლების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა და ჩოგბურთელთა ნაწილი უკვე აპროტესტებს. მათი აზრით, ვაქცინაციის მოთხოვნა გამონაკლისების გარეშე, ყველა ჩოგბურთელზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ღია პირველობისა და ვიქტორიის შტატის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში მაინც არ შეუშვან. ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარენ ენდრიუსის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფედერალურ მთავრობას ზემოხსენებული გადაწყვეტილების დაძლევა შეუძლია.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიის შტატის მთავრობამ და Australian Open-მა შესაძლოა არავაქცინირებულ ადამიანს ტურნირში მონაწილეობის უფლება მისცენ, ავსტრალიის სასაზღვრო მოთხოვნების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის ფედერალური მთავრობა იღებს" - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

კომენტარები